კახეთის ენერგოდისტრიბუცია ენერგო პრომ იყიდა
აუქციონი გუშინ დასრულდა და მხოლოდ ერთი განაცხადი დაფიქსირდა. კომპანიამ თანხა 10 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ფინანსებს აღსრულების ეროვნული ბიურო „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ დავალიანების გასტუმრებას მოახმარს. როგორც knews.ge-ს აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ 21 მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს. ენერგოკომპანიის პირველი აუქციონი, რომელიც მიმდიანრე წლის 11 ივლისს გაიმართა, ჩაიშალა. მაშინ კომპანიას მყიდველი არ გამოუჩნდა. აუქციონზე კომპანიის საწყისი ფასი 27 მილიონ 279 ათას 500 ლარი იყო.
“კახეთის ენერგოდისტრიბუცია” რეგიონს ელეტქროენერგიით ამარაგებს და ამჟამად 122 000 აბონენტს ემსახურება. 2008 წლის დეკემბრის ბოლოს ს/ს,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია” აუქციონზე 6 მილიონ 100 ათას დოლარად შეიძინა ლიტვურმა კონცერნმა ,,ახემა-გრუპმა”, რომელსაც აუქციონის პირობების თანახმად, რეგიონის ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის 15 მილიონი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
,,ახემა-გრუპის” მფლობელობის ქვეშ კომპანია აღმოჩნდა კვლავ გაკოტრების რეჟიმში, რის გამოც “კახეთის ენერგოდისტრიბუცია” ინვესტორს ჩამოერთვა. ენერგოკომპანიის მიმართ გაკოტრების საქმე 2011 წლის 5 აგვისტოს გაიხსნა.
რაც შეეხება „ენერგო პრო ჯორჯიას“, ის ამ დრომდე თბილისისა და კახეთის გარდა, ყველა რეგიონის ენერგომომარაგებაზე ზრუნავდა და 971 000 აბონენტს ემსახურებოდა. ამასთანავე, კომპანია საქართველოში ფლობს 15-მდე ჰესს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 470 მეგავატამდეა.
2006 წლის 31 ივლისს კომპანია 100 ათასლარიანი საწესდებო კაპიტალით დარეგისტრირდა. დღეს “ენერგო პრო ჯორჯია” საქართველოს ენერგოდისტრიბუციის ბაზრის 61%-ის და ელექტროენერგიის გენერეციის ბაზრის 17%-ის მფლობელია.