სტატიები

წნორში დამზადებული ჩურჩხელა უკრაინაში გაიყიდება

კომპანია ,,ნუგბარის” დამფუძნებელი, ბიძინა ფხოველიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით უკრაინელ და რუს პარტნიორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ფხოველიშვილის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, კომპანია ამ ქვეყანებში დიდი რაოდენობით ჩურჩხლის ექსპორტს დაიწყებს. კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ „ნუგბარი“ მსოფლიო ბაზარზე რამდენიმე ათას ჩურჩხელას გაიტანს. 
,,ამ დროისთვის დაბა წნორში მდებარე საწარმო დღეში 2000-მდე ჩურჩხელას აწარმოებს. „ნუგბარის“ ბრენდით დამზადებული ჩურჩხელები სპეციალურ სადგამებზე 200-მდე ობიექტშია ხელმისაწვდომი. „ნუგბარი” ჩურჩხელების საწარმოებლად იყენებს საუკეთესო ხარისხის ქართულ თხილეულსა და მხოლოდ სრულმარცვლოვან ფქვილს. კომპანიას, ასევე, აქვს სასაჩუქრე პაკეტები, რომლებშიც ჩურჩხელასთან ერთად შედის ტყლაპი, ჩირი და თხილეული”, – ამბობს ბიძინა ფხოველიშვილი.
კომპანია ამ ეტაპზე 20 სახეობის ჩურჩხელას აწარმოებს. ფხოველიშვილი ირწმუნება, რომ მათი პროდუქციის ხარისხი მაღალია, ფასი კი საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალი. 
,,ჩვენი ძირითადი პროდუქტებია 20 სახეობის ჩურჩხელა და ქართული ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრებები, რომლებიც მზადდება ჯანსაღი ინგრედიენტებითა და ტრადიციული მეთოდებით. ჩურჩხელების გასაყიდი ფასები 2.50 და 2.80 ლარია და ისინი შესაბამისად რქაწითელისა და საფერავის 40%-იანი სიტკბოს ბადაგით მზადდება. ტკბილეული სრულმარცვლოვანი ფქვილით მზადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფქვილი მიღებულია ხორბლის მთლიანი მარცვლიდან. ჩვენი მთავარი ფასეულობაა მაღალი ხარისხი, ამიტომაც ჩვენთვის ეროვნული ტკბილეულის წარმოება გაცილებით მეტია, ვიდრე კომერციული საქმიანობა. გვჯერა, რომ ნატურალური და გემრიელი ჩურჩხელის, ჩირის, ტყლაპის, გოზინაყისა და სხვა ქართული ტკბილეულის ორგანიზებული სახით წარმოებას კარგი პერსპექტივები აქვს და ამასთანავე საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის იმიჯის თვალსაზრისით.”
შპს „ნუგბარი” 2015 წელს დაარსდა და ბაზარზე აქტიურად გასულ წელს გამოჩნდა. კომპანიაში 25 თანამშრომელია დასაქმებული. საწარმოს ამჟამად 1 მაღაზია-შოუ რუმი აქვს თბილისში. კომპანიის მიერ წარმოებული პროდქუცია ვაკეში, პიქსელის შენობაში მდებარე ჯიხურშიც იყიდება.
,,კომპანია წარმოებულ პროდუქციას საკუთარ მაღაზიებსა და რამდენიმე პარტნიორ სავაჭრო ქსელში სპეციალური სადგამებიდან ყიდის. მათ შორისაა: „ნიკორა”, „ორი ნაბიჯი”, „ევროპროდუქტი”, „ჯორჯიტა” და ღვინის მაღაზიათა ქსელი “მეღვინეობა ხარება”. ჩვენ ვართ ახალი კომპანია ქართული ტრადიციული ტკბილეულის ბაზარზე. „ნუგბარი“ აერთიანებს საოჯახო მეურნეობის ტიპის საწარმოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში და მაღაზია-შოურუმს თბილისში,”- განუცხადა Knews.ge-ს კომპანიის ხელმძღვანელმა.