სოფელ ახაშენში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება
პროექტს ღვინის კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ახორციელებს. როგორც knews.ge-ს კომპანიის ხელმძღვანელმა, ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, სასტუმრო 35 ნომრიანი იქნება და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული იქნება ვენახები.
“გურჯაანში ტურიზმის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება. სასტუმრო აშენდება ახაშნის ტერიტორიაზე. 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდება ვენახებში და ვფიქრობ, რომ ეს უნიკალურია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასტუმროდან კავკასიონის ხედი იქნება გადაშლილი. თუ ბევრი ტურისტი ისარგებლებს ჩვენი სასტუმროს მომსახურებით და იქნება დიდი მოთხოვნა, მომავალ წელს სავარაუდოდ საქმიანობას გავაფართოვებთ“, – განუცხადა knews.ge-ს ზურაბ ჩხაიძემ.
მისივე ინფორმაციით, სასტუმრო ტურისტებს 4-ვე სეზონზე უმასპინძლებს. პროექტზე 2 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.