კახეთში კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა გაიზარდა
,,ჩვენთან ძირითადად გაშენებულია კაკალი, შემდეგ მოყვება თხილი, ხოლო ნუში, ასევე ატამი, ბალი, ბროწეული, გარგარი, ვაშლი, კომში, მსხალი, ქლიავი და ხურმა. ბოლო წელს გაიზარდა მოთხოვნა კენკროვან კულტურებზე, როგორიცაა ჟოლო და უეკლო მაყვალი. რადგან ტენდენცია მზარდია, შესაბამისად, კენკროვანი კულტურების გაშენების მსურველთა რაოდენობა მოიმატებს “, – განაცხადა knews.ge-სთან ზურა წიგნაძემ.
იზოლდა ქიტესაშვილს რამდენიმე წელია კენკროვანი კულტურები მოჰყავს. იგი აცხადებს, რომ ესპანური ჯიშის მარწყვი და ამერიკული ჯიშის უეკლო მაყვალი კახეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა. კენკროვანი კულტურებზე დიდი მოთხოვნაა, შესაბამისად, მას ბაზარზე პროდუქტის რეალიზაცია არ უჭირს.
,,კენკროვანები მოთხოვნადი პროდუქტია, თუმცა არ მაქვს ისეთი დიდი წარმოება რომ ბაზარი ავითვისო. ვაწარმოებთ უეკლო მაყვლის ნერგებსაც, მოთხოვნა ძალიან დიდია მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნავს knews.ge-სთან იზოლდა ქიტესაშვილი.
ექსპერტები სოფლის მეურნოების დარგში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი მოთხოვნადი პროდუქციის მოყვანაა, რადგან ფერმერებს რეალიზაციის პრობლემა არ ექნებათ.