რას ნიშნავს ვიზალიბერალიზაცია და რომელ ქვეყნებში შევძლებთ უვიზოდ მიმოსვლას?
ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას:
წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.
არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია;
კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;
“უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები; მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში; ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ; გასამგზავრებლად საჭიეროა მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები საქართველოში დაბრუნების დღისთვის”, – განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მიხეილ ჯანელიძის უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში 90-დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება რეადმისიას (საქართველოში დაბრუნებას). ამასთან, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს შეეზღუდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე პერიოდით. ალტერნატივის სახით, შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები/ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში, ან შენგენის ტერიტორიაზე.
საქართველოსთვის ევროპის 30 ქვეყანაში უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდა.