ახალი ამბები

თელავში ართანა ჰესის მშენებლობის საკითხის საჯარო განხილვა იგეგმება

საკითხი აქტუალური მაშინ გახდა, როდესაც სოფელ ართანას მოსახლეობამ მდინარე დიდხევზე ჰიდროელექტროსადურის მშენებელობის დაწყება გააპროტესტა. 

შეგახსენებთ, რომ სოფლის მოსახლეობამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ისინი საქართველოს პრემიერ მინისტრს პეტიციით მიმართავენ. მოსახლეობა გიორგი კვირიკაშვილს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრსა და სხვა კომპეტენტურ პირებს საქმის დეტალებით დაინტერესებას სთხოვს. 

,,მიწის სამუშაოები და გარკვეულ ზოლში ხე-მცენარეული საფარის გასუფთავება უარყოფითად იმოქმედებს გეოლოგიური გარემოს სტაბილურობაზე; უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს მდ.დიდხევის ბუნებრივ ჩამონადენზე. არსებობს მდინარის წყლის ხარისხის გაუარესების რისკები. ართანა საფერავის ერთ-ერთ საუკეთესო ზონად მიიჩნევა, რასაც აქაური მიკროკლიმატი განაპირობებს. დღეისათვის ართანაში დაახლოებით 30 ჰექტარი მიწა აგროქიმიკატების გარეშე მუშავდება. მომავალში შესაძლებელია ართანა ეკოლოგიურად სუფთა ზონად ჩამოყალიბდეს, რაც თავისთავად ბევრი სიკეთის მომტანი იქნება. მივიჩნევთ, რომ სოფლის ძირითადი პრიორიტეტი ნატურალური მეურნეობა და ეკოტურიზმი უნდა იყოს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის არა დროებით, არამედ მუდმივ სამუშაო ადგილებს შექმნის, – ნათქვამია პეტიციაში.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გიგლა აგულაშვილის უწყება მზადყოფნას გამოთქვამს, მიიღოს და განიხილოს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოსაზრებები წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით.

,,მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიიღოს და განიხილოს დაინტერესებული საზოგადოების მიერ წარდგენილი შენიშვნები და წინადადებები. საჯარო განხილვის ეტაპი არ არის გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ეტაპი, ვინაიდან პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცების ეტაპზე”, – განმარტავენ სამინისტროში.