სტატიები

რას შეცვლის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება

მესამე სექტორში მიუთითებენ, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საარჩევნო ოლქებში ამომრჩევლების მკვეთრად განსხვავებული რაოდენობა, რაც მნიშვნელოვნად არღვევს ხმის წონის თანაბრობის პრინციპს. კავშირ ,,საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, მოგავრდება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის საკითხიც.

,,ძირითადად, რეგიონებიდან ერთი და იგივე ადამინები არიან მაჟორიტები, ზოგი მათგანი ოთხგზის მოწვევის პარლამენტარია. ეს სისტემა არც დემოკრატიულია და არც წარმომადგენლობითი. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რომ მაჟორიტარებად ძალიან იშვიათად წარადგენენ ქალებს. ჩვენ არ გვეყოლება ქალი მაჟორიტარი დეპუტატი, სანამ პარტიები არ დაასახელებენ მათ კანდიდატურებს. ეს მაჟრიტარული სისტემა ქალებისთვის არის ჩაკეტილი წრე და არადემოკრატიული. ქალ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა,“– განუცხადა Knews.ge-ს ბაია პატარაიამ.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ძლიერი თელავის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ ვარდოშვილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრეა. ვარდოშვილი მიიჩნევს, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. 

,,წლების მანძილზე ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ გაუქმებულიყო ეს მანკიერი მაჟორიტარული სისტემა. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ხელისუფლებისათვის ეს არის ძალა, რომელიც ხელოვნურად ქმნის უმრავლესობას. პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც იღებს კანონებს. მაგალითად, თელავის წარმომადგენელი პარლამენტში რას შეცვლის, კანონებს მოარგებს ქალაქს, თუ რამე სხვა ფუნქცია აქვს? 2016 წელს ეს სისტემა არ გააუქმეს. მინდა ვთქვა, რომ არცერთ ქვეყანაში, სადაც ერთპალატიანი პარლამენტია, როგორც ჩვენთან, მაჟორიტარული სისტემა არ მუშაობს. თუ ეს მანკიერი და ხარვეზით სავსე სისტემა გაუქმდება, ოპოზიციის როლი გაიზრდება. პრობლემაა, ასევე, იმ მაჟორიტარი დეპუტატების საკითხი, რომლებიც პარტიიდან პარტიაში გადადიან. მაჟორიტარების უმრავლესობა მეშვიდე მოწვევის დეპუტატია“, – განუცხადა knews.ge-ს ვარდოშვილმა.

საპარტამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილება ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის კონსტიტუციურ საფუძველს უყრის. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ოპოზიციურ პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ, საკანონმდებლო ორგანოში მაქსიმალურად ძლიერად იყვნენ წარმოდგენილნი. 

,,ჩვენ გვესახება ასეთი სისტემა – ძლიერი პარლამენტი. რა განაპირობებს პარლამენტის სიძლიერეს – საარჩევნო სისტემა. დღევანდელი საარჩევნო სისტემა გარკვეულ უპირატესობას გამარჯვებულ პარტიას ანიჭებს და ოპოზიცია შედარებით სუსტ პოზიციაში გადაჰყავს. ეს არის არსებული საარჩევნო სისტემის ძირითადი თავისუბურება. საბოლოოდ, საქართველოში ისეთი საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელშიც კიდევ უფრო გაძლიერდება ოპოზიციის პოზიციები. ამის მთავარი ინსტრუმენტი არის არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა”, – ამბობს კობახიძე.

საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტსა და საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახუშტი მენაბდე პროპორციულ სისტემასაც თავისებურებებზე საუბრობს და საკითხის განსახილველად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს იწვევს. მენაბდე მიიჩნევს, რომ საარჩევნო ბარიერი უნდა შემცირდეს.

,,შემოთავაზებულია მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და 150-ვე დეპუტატის არჩევა პროპორციული წესით. ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შემოთავაზებაა. ბარიერის საკითხი მნიშვნელოვანია. ძირითად საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტში 5%-ია ბარიერი. ვფიქრობ, უნდა ვიმსჯელოთ ამ ბარიერის შემცირებაზე იმისათვის, რომ არ მივიღოთ დღევანდელი რეალობა, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის დაახლოებით 20% პარლამენტში წარმომადგენლის გარეშეა”, – აღნიშნავს მენაბდე.