ყვარელში 75 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, აქამდე საბავშვო ბაღი „გვირილა“ კერძო პირის საკუთრებაში არსებულ ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებდა.
“250 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელზეც შენობა განთავსდა, ყვარელში მცხოვრებმა თამარ ნაზრიშვილმა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას უსასყიდლოდ გადასცა”, – განაცხადეს გამგეობაში.
საბავშვო-ბაღის მშენებლობაზე რეგიონალური განვითარების ფონდიდან 364 715 ლარი დაიხარჯა.
ყვარლის შესასვლელში „შინმოუსვლელთა“ რეაბილიტირებული სკვერიც გაიხსნა. სკვერში ატრაქციონთან ერთად, განთავსებულია სარბენი და შიდა ბილიკები, ბუნგალო, მინი სტადიონი და სხვადასხვა სახის ტრენაჟორი.
სკვერის მოსაწყობად რეგიონული განვითარების ფონდიდან 748 235 ლარი დაიხარჯა.