საფრანგეთში ქართული ქვევრის ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა
ფრანგ ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ და დაეგემოვნებინათ ექვსი ქართული ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი კომპანიის ღვინოები: „ნიკოლაძეების მარანი“, „ანთაძის მარანი“, „ხოხბის ცრემლები“, „ოქრო ღვინო“, „იაგოს ღვინო“ და „კორტავების მარანი“.
ქვევრის ღვინო წარდგენილი იყო ტულუზაში და ლიონში გამართულ სპეციალიზირებულ დეგუსტაციებზე, ხოლო ანჟესა (Les Penitentes) და სომურში (La Dive Bouteille) – ტრადიციულ გამოფენებზე. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, საფრანგეთში გამოფენებში მონაწილეობა ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და პოპულარიზაციას.
„ქვევრის ღვინო საქართველოდან ყველა მიმართულებით გადის, თუმცა ის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ღვინის ტრადიციულ მომხმარებელ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მთლიან ექსპორტში ქვევრის ღვინის წილი დიდი არაა, ეს მაინც გამორჩეული ღვინოა და მას იცნობს ყველა, ვინც იცის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურა და ისტორია. ქვევრის ღვინო ჩვენი ერთგვარი სავიზიტო ბარათია, იმისთვის რომ ქართული ღვინო უფრო ცნობადი გახდეს. საფრანგეთში ღვინის წარდგენით ქართული ქვევრის ღვინო ცნობილი ხდება ფაქტობრივად მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ბაზარზე”, – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ აღნიშნულმა გამოფენებმა გასულ წლებში მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა.
„ქვევრის ღვინის მიმართ ინტერესი წელს კიდევ უფრო დიდი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტულუზაში და ლიონში გამართული დეგუსტაციები. საფრანგეთის ამ სამხრეთ ნაწილში ქვევრის ღვინო წარმატებით იყიდება და ეს დეგუსტაციები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ღვინის ცნობადობის გაზრდას. ქვევრის ღვინისადმი ასეთივე დიდი ინტერესი იყო გამოფენებზე (Les Penitentes, La Dive Bouteille), სადაც ამ პერიოდში თავს იყრიან ღვინის მწარმოებლები, იმპორტიორები, მწერლები, გაფორმდა ახალი კონტრაქტები “ – აღნიშნა მეღვინე იაგო ბერიტაშვილმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოდან 36 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო იმპორტირებული, 2017 წლის იანვარში კი უკვე – 13 ათას ბოთლამდე.