ახალი ამბები

ევროპის საბჭო მთავრობას კორუფციის დონის შემცირებისაკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს ანტიკორუფციულმა ორგანომ – სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GRECO) – აღიარა საქართველოს მიერ კორუფციის შემცირების მხრივ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, ქვეყნის გაუმჯობესებული მდგომარეობა სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსებში, და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას განაგრძოს პარლამენტარებს, მოსამართლეებსა და პროკურორებს შორის კორუფციის დონის შემცირებისაკენ მიმართული რეფორმების დანერგვა.

,,საკანონდებლო პროცესების შემდგომი გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად GRECO რეკომენდაციას უწევს კანონპროექტების გამოქვეყნებას და აღსრულებადი ეთიკის კოდექსის შემუშავებას. მოუწოდებს პარლამენტარების ინტერესთა კონფლიქტის სავალდებულო გამჟღავნებას, რათა განხორციელდეს მონიტორინგი და განისაზღვროს როდის და როგორი გავლენა შეიძლება ქონდეს პარლამენტარის პირად ინტერესებს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. 
GRECO-ს ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემაში რეფორმის გატარების აუცილებლობას. GRECO-ს რეკომენდაციაა მოხდეს მოსამართლეების დანიშვნის, დაწინაურებისა და გადაყვანის წესების რეფორმირება, საქმეთა განაწილების ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის შემოღება, დიციპლინარული გადაცდომების უფრო ზუსტად განსაზღვრა და მოსამართლეთა იმუნიტეტის შეზღუდვა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია მათ მიერ სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებასთან,” – ნათქვამია ევროპის საბჭოს ახალ ანგარიშში.

2018 წლის ივნისის ბოლოს, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გააკეთოს მოხსენება წინამდებარე ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ.

სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GRECO) წარმოადგენს ევროპის საბჭოს ორგანოს, რომლის მიზანია გააძლიეროს წევრი ქვეყნების შესაძლებლობა იბრძოლონ კორუფციის წინააღმდეგ მათ მიერ ანტი-კორუფციული სტანდარტების შესაბამისობის მონიტორინგის გზით.