თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიქალის ქვის და ხე-ტყის მიღების წესი გამარტივდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გასულ წელს თუშეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას ადგილობრივებმა გამოთქვეს წუხილი, რომ საცხოვრებელი სახლის გაფართოების თუ ახალი ობიექტების აშენებისას, პროლემები ექმნებოდათ.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ფიქალის ქვის და ხე-ტყის მიღების პროცედურები მკაცრად გაკონტროლდება.
„1-ლი იანვრიდან, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მოსახლეობას და სხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, ფიქალის ქვა და ხე-ტყე მიიღონ გამარტივებული წესით, მოკლე ვადაში და ხელმისაწვდომ ფასად. ეს პროცესი იქნება ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ, რათა თავიდან ავიცილოთ ამ გადაწყვეტილების ბოროტად გამოყენება. ასევე აუცილებელია ამ პროცესის გამარტივება, რათა ის ისტორიული იერსახე, რომელიც საცხოვრებელ სახლებს თუ მცირე სასტუმროებს აქვს დღეს თუშეთში, შევინარჩუნოთ და ამავე მოდელით განვავითაროთ თუშეთის, როგორც საცხოვრებელი, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.