სოფელ ბადიაურში საღერღი საამქრო თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა
ფერმერს საამქროს გახსნის იდეა რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა და აღნიშნული საქმიანობა ერთი დანადგარით დაიწყო.
,,ათი წლის წინ პატარა საამქრო გავაკეთე, მქონდა ერთი დანადგარი, რომლითაც ვემსახურებიდი აქ მოსულ ფერმერს. ძალიან გვიჭირდა საქმიანობა, რადგან ერთი პატარა ოთახი მქონდა და ზამთარში წვიმასა და თოვლში ფერმერებს გარეთ უწევდათ ყოფნა. ახლა კი უკვე ვიღებთ ყველა სახის მარცვლეულს და ვღერღავთ საქონლისთვის. ,,მოლის” დახმარებით, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებასა და გაძლიერებაზე მუშაობს, შევძელი საწარმოს შენობის გაფართოვება, მომსახურების გაუმჯობესება და უახლესი დანადგარებით აღჭურვა. ფერმერებს ახლა უკვე მანქანით შეუძლიათ შემოსვლა. ჩემი აზრით, საღერღის გახსნით საქმე გავუადვილე სოფელში მცხოვრებ ფერმერებს ”- განუცხადა knews.ge-ს გურამ ნადაშვილმა.
წლების განმავლობაში საღერღი საამქრო საგარეჯოს რამდენიმე სოფელს მხოლოდ მარცვლეულის დაღერღვას სთავაზობდა, მისი გაფართოვების შემდეგ ფინანსური შემოსავალიც გაიზარდა და ახლა ფერმერებს სხვადასხვა კუთხით სრულ მომსახურებას სთავაზობენ.
,,ადრე მხოლოდ მარცვლეულს ვღერღავდით, თუმცა ახლა უკვე სხვა დანადგარებიც გვაქვს. მოლის დახმარებით შევიძინე დასამარცვლი აპარატი და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზე ფერმერებს, რადგან ხელით აღარ უწევთ დამარცვლა და დასაღერღად მოტანა. გარდა ამისა, ფერმერებს მარცვლეულის დასაღერღად მცირე თანხის, თითო ტომარაზე ერთი ლარის გადახდა უწევთ“, – ამბობს ნადაშვილი.
სოფელ ბადიაურში მცხოვრები ფერმერები საღერღი საამქროს გაფართოვებას მეცხოველეობის განვითარების ერთ–ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ. სულხან გამყრელიძე მიუთითებს, რომ საამქოროს გახსნამდე მარცვლის დასაღერღად სხვა სოფლებში მიჰქონდა და ეს დამატებით ხარჯებს მოითხოვდა.
,,საგარეჯოში ბევრი მისდევს მეცხოველეობას და მართლაც საჭირო იყო საღერღი საამქროს გაფართოვება. ადრე პატარა ოთახი ჰქონდათ, რიგები იყო და სხვა სოფლებში გვიწევდა გადასვლა. ისედაც ძვირი ჯდება პირუტყვის შენახვა და დამატებით თანხების დახარჯვა გვიწევდა ზამთარში მათ გამოსაკვებად. რამდენიმე ძროხა მყავს და მათ გამოსაკვებად თვეში 500 კილოგრამი დაღერღილი მარცვლეული მჭირდება, რომ მარტო მეწველ საქონელს ვაჭამო. ძალიან კარგია, რომ აქ სოფელში გვაქვს ეს საამქრო და სხვაგან არ გვიწევს წასვლა, ესეც დიდი შეღავათია ჩვენთვის,’’– განუცხადა knews.ge-ს სულხან გამყრელიძემ.