კვერცხსა და ხორცპროდუქტებზე ეტიკეტირების კონტროლი გამკაცრდა
სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის ინფორმაციით, ბიზნესოპერატორებს უკვე მიეწოდათ საჭირო ინფორმაცია და რეკომენდაციები როგორც კვერცხის, ასევე ხორცპროდუქტების სავალდებულო მარკირების შესახებ. ახალი რეგულაციის მიხედვით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, მის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ზუსტად მიუთითოს სურსათის გამოშვებისა და ვარგისიანობის ვადა.
„მომხმარებელს უნდა ჰქონდეს უტყუარი და ამომწურავი ინფორმაცია სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული სურსათის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდა, რათა თავიდან ავიცილოთ დარღვევები. უკვე დაიწყება თითოეული კვერცხის მარკირება და დაიტანება როგორც მისი დადების თარიღი, ასევე საწარმოს დასახელება, აღინიშნება მწარმოებელი ქვეყანაც“, – განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
რაც შეეხება საქონლის ხორცსა და ხორცპროდუქტებს, „ტექნიკური რეგლამენტი – საქონლის ხორცის და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი“ საქართველოს მთავრობამ გასულ წელს დაამტკიცა. პირველი იანვრიდან საქონლის ხორცისა და ხორცპროდუქტების სავალდებულო ეტიკეტირების წესი ძალაში შევიდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროდუქციის ეტიკეტირება სასაკლაოებზე განხორციელდება. ეტიკეტზე მითითებული იქნება ინფორმაცია სასაკლაოს, პირუტყვის დაკვლის დროის, ვარგისიანობის ვადისა და ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ.
,,რეგლამენტი საქონლის ხორცპროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე ვრცელდება, მათ შორის, საცალო ვაჭრობაზე. ხორცის ეტიკეტზე უნდა განთავსდეს საცნობარო ნომერი, რომელიც ენიჭება ცხოველს სასაკლაოზე შესვლისას; სასაკლაოს აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი; თუ ხორცი არ დაიჭრა სასაკლაოზე, მაშინ ეტიკეტზე უნდა განთავსდეს იმ ბიზნესოპერატორის აღიარების ნომერი, რომელმაც პროდუქტი გადაამუშავა; თუ ცხოველის დაბადების, მოშენების, სუქებისა და დაკვლის ადგილი განსხვავდება ერთმანეთისგან, ეტიკეტზე თითოეული მათგანის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეთითოს; თუ ხორცი იმპორტირებულია, უნდა მიეთითოს ეტიკეტზე, როგორც იმპორტიორი, ასევე წარმოშობის ქვეყანაც”, – განაცხადეს სააგენტოში.