თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად თინათინ ხანჯალიაშვილი დაინიშნა
თელავის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი თეონა მიქელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. თელავის მერიაში აცხადებენ, რომ მიქელაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება თვითონ დაწერა.
თელავის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ თეონა მიქელაძეს, რომელიც მერის ცოლის, შორენა გრიშიკაშვილის ახლო მეგობარია, სამსახურიდან წასვლა ბაღებში საკვების მენიუს შემცირების გამო მოუწია. საკითხის განხილვა „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ მომზადებული მასალის შედეგად დაიწყო.
მაშინ მელქაძემ საკვების შემცირება არ დაასტურა, თუმცა განმარტა, რომ მენიუში ცვლილებები ბაღის დირექტორების მოთხოვნის საფუძველზე შევიდა. სკოლამდელ დაწესებულებებში კვების რაციონის ცვლილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილმა საკითხის შესწავლა დაავალა ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებს და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან ამ საქმესთან დაკავშირებული თანამდებობის პირების გათავისუფლება მოითხოვა. სწორედ ამიტომ თელავის მერი კალმახელიძე იძულებული იყო გადაწყვეტილება მიეღო.
ცვლილების შედეგად ქალაქ თელავის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორად თინათინ ხანჯალიაშვილი დაინიშნა, რომელსაც საჯარო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს.