შსს-ს თანამშრომლებმა პანკისის 2 სოფლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მინდია ლორთქიფანიძემ თანამშრომლებთან ერთად პანკისის ხეობის სოფლების – ომალოსა და ჯოყოლოს საჯარო ბიბლიოთეკებს საჩუქრად წიგნები გადასცა. პანკისის ხეობის მოსახლეობისათვის შეგროვდა სხვადასხვა ჟანრის 1500-მდე წიგნი, მათ შორის, საბავშვო, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა.
მინდია ლორთქიფანიძის განცხადებით, აღნიშნული აქციის მიზანი იყო პანკისის ხეობაში მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის განათლების მიღებაში ხელშეწყობა.
„პანკისის ხეობა ჩვენს ყურადღებასა და ზრუნვას საჭიროებს. როდესაც ამ ბიბლიოთეკების შესახებ შევიტყეთ, ჩვენს მოვალეობად ჩავთვალეთ წიგნებით მათი მომარაგება, რადგან განათლებისა და წიგნიერების მხარდაჭერით ჩვენ ამ ადამიანების უკეთეს მომავალ ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა მინდია ლორთქიფანიძემ.