ახალი ამბები

ახმეტის გამგეობამ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოაცხადა

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) 31 დეკემბრამდე შეეძლებათ. გამგეობაში ვაკანტურია ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უფროსის;
საკობიანოს ადმინისტრაციულ ერთეულში ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტის; ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტისა და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის (რეზერვის საკითხებში) თანამდებობები. 
როგორც Knews.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, ვაკანტურ ადგილებზე ხელფასი 350-დან 810 ლარამდე მერყეობს. კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად, რომელიც საბუთების გადარჩევას, ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს. საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ტესტები შედგება 60 კითხვისგან, რომელიც მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და ზოგად უნარებს. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ინფორმაციით, კონკურსანტებმა მესამე ეტაპზე გადასასვლელად 51%-იანი ზღვარი უნდა გადალახონ. 
„კანდიდატს უფლება აქვს, განაცხადი ერთდროულად 5 ვაკანსიაზე წარადგინოს.იმ კონკურსანტებს, რომლებმაც ტესტირებაზე 31 ქულა მიიღეს ანუ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ არც ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე არ შეარჩია, კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული ქულები შეუნარჩუნდებათ“, – განუცხადეს Knews.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში.