ახალი ამბები

თელავში სახალხო დამცველმა ტრადიციით გამართლებული ძალადობის შესახებ დებატები გამართა

ომბუდსმენის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების, ჯანდაცვის სამინისტროს, არასამთავრობო სექტორისა და მუსლიმთა თემის წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე უჩა ნანუაშვილმა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქალის გენიტალიებ~ის დასახიჩრების ფაქტებს ეხებოდა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტების შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო. შესწავლის პროცესში ყვარლის რაიონის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში სახალხო დამცველის რწმუნებულებს ადგილობრივმა მოსახლეობამ აღნიშნული ფაქტი დაადასტურა, რაც თავად მოსახლეობამ რელიგიური და ტრადიციული წეს–ჩვეულებებით ახსნა.
„ყველასთვის მოულოდნელი და შემაშფოთებელი იყო ინფორმაცია ქალის გენიტალიების დასახიჩრების ფაქტებთან დაკავშირებით. დამეთანხმებით, რომ ეს არის ქალის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და წამების აკრძალვის უკიდურესი უფლებადარღვევის ფორმა“, –განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ 2014 წელს ხელმოწერილ ევროსაბჭოს კონვენციას „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე“, სადაც ცალკე მუხლი ეთმობა „ქალის გენიტალების დასახიჩრებას“. 
,,კონვენცია სახელმწიფოებს მოუწოდებს მიიღონ ყველა ზომა, რომ ქალთა და გოგონათა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა – როგორც განხორციელება, ისე წაქეზება, გარიგება ან იძულება იქნას კრიმინალიზებული, თუმცა ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ ამ დრომდე კონვენციის რატიფიცირება არ მომხდარა. სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს დააჩქარონ რატიფიცირების პროცედურა”– განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
საქართველოს სახალხო დამცველის საჯარო დებატები დაფინანსებულია ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა II“ მიერ.