ახალი ამბები

ქალაქ თელავის 2017 წლის ბიუჯეტი გაიზრდება

ბიუჯეტის პროექტმა ჯამში 10 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა.
როგორც knews.ge-ს ქალაქ თელავის მერიაში განუცხადეს, ბიუჯეტის პროექტი განსახილველად საკრებულოს უკვე გადაეგზავნა.
ქალაქის მერის, პლატონ კალმახელიძეს განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტის მსგავსად, მომავალი წლის მთავარი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური სფერო, სკოლამდელი განათლება და ჯანდაცვა იქნება.
,,ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით 2017 წლის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 200 ათასი ლარი გამოიყოფა. კაპიტალური პროექტების განხორციელებაზე, ინფრასტრუქტურის მოვლა–პატრონობაზე, ქალაქის დასუფთავებასა და ამ მიმართულებით სხვა ღონისძიებების განხორციელებაზე 3 მილიონ 80000 ლარამდე დაიხარჯება. მომავალი წლის ბიუჯეტს დაემატება ნაშთი, რომელიც 2016 წლიდან გადაყვება გარდამავალი პროექტების გარდა. ეს არის უპრეცენდენტოდ დიდი თანხა, რომელიც შეიძლება ინფრასტრუქტურის კუთხით გამოვყოთ. გარდა ამისა, პრიორიტეტულია და დიდ ყურადღებას ვაქცევთ ტურიზმის მიმართუელას ქალაქში. 
ხელს შევუწყობთ მეწარმეებსა და ბიზნესმენებს საქმიანობის გაფართოებაში, რომელიც ხელს შეუწყობს თელავში დასაქმებას და მოსახლეობისთვის შემოსავლების გაზრდას. 
რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, განვახორციელებთ ახალ მასშტაბურ პროექტს და გავხსნით დღის ცენტრის სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის. 2015, 2016 წელს სოციალური პროექტები მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი და აქედან გამომდინარე, მომავალი წლის ბიუჯეტში მიმდინარე ხარჯების და პროგრამების კუთხით ზრდა არ იქნება. 
სპორტის მიმართულებით კი, ძირითადი აქცენტი გაკეთდება არა მიმდინარე ხარჯებზე, არამედ ინფრასრუქტურაზე. დიდი ყურადღება დაეთმობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსაც.
საკრებულოს გადავუგზავნეთ მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმა და ველოდებით მათგან გარკვეული სახის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს. შევჯერდებით ბიუჯეტზე და მოსახლეობას ინფორმაციას მივაწვდით. ვფიქრობ, ბიუჯეტში მასშტაბური ცვლილებები არ იქნება, რადგან პროექტი დამუშავებულია მოსახლეობის მოთხოვნებისა და საჭიროებებიდან გამომდინარე,’’– განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
2017 ბიუჯეტიდან უწყების თანამდებობრივ სარგოებსა და პრემიებზე 1 მილიონ 400 ათასი ლარი დაიხარჯება.