ლაგოდეხში მუსლიმი სასულიერო პირები ადრეული ქორწინების შესახებ იმსჯელებენ
გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლების განცხადებით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელობა, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მოღვაწე მუსლიმური აღმსარებლობის სასულიერო პირები და თემის ლიდერები, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.
,,ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. არასრულწლოვანთა ქორწინების შემთხვევათა შემცირება და პრევენცია გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
არასრულწლოვანთა ქორწინება, რომელიც კომპლექსურ პრობლემას წარმოადგენს, გოგონებისთვის მძიმე შედეგების მომტანია, ხშირ შემთხვევაში, მათ სოციალურ და უფლებრივ გარიყვას იწვევს და ხელს უშლის გოგონებს განათლების დასრულებაში. მოზარდობის ასაკში ორსულობა და მშობიარობა კი, დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს.
თანამშრომლობის მიზანი, ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციის მიზნით, რელიგიური ლიდერების მხარდაჭერის მოპოვებაა. ცნობიერების ამაღლების პროცესში რელიგიური ლიდერების დახმარებით სწორი გზავნილების გავრცელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადრეული ქორწინებისადმი საზოგადოების შემწყნარებლური დამოკიდებულების შეცვლას”, -განაცხადეს შეხვედრის ორგანიზატორებმა.