ქართულმა ღვინოებმა პოლონეთში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა
გამოფენის ფარგლებში გამართულ სადეგუსტაციო კონკურსზე ორი ქართული კომპანიის ოთხმა ღვინომ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. ესენია: კომპანია „გოცას ღვინოები“, „თავკვერი 2014“ – ბრინჯაო;
კომპანია „თელავის ღვინის მარანი“: „Reserve 2007 – ვერცხლი”; „კონდოლის ვენახები სამი“ – 2012 – ვერცხლი; „სატრაპეზო 10 ქვევრი 2013“ – ვერცხლი.
სამდღიანი გამოფენის ბოლო დღეს გაიმართა ქართული ღვინისა და სამზარეულოს შეხამება, იქვე გამოცხვა ხაჭაპური, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობაც გამოფენის მონაწილეებსა და სტუმრებს მიეცა.
გამოფენაზე ღვინის კომპანიებმა საქმიანი მოლაპარაკებები გამართეს ადგილობრივ იმპორტიორებთან და ღვინის პროფესიონალებთან. მსგავს გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზარებზე.
პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს. აღნიშნული ქვეყანა წლებია სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში.
2016 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1,81 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.