კახეთის გუბერნატორმა საზოგადოებას რეგიონის განვითარების გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია
ირაკლი ქადაგიშვილმა შეხვედრაზე რეგიონის ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, სოციალურ სფეროსა და სხვა იმ ძირითად საკითხებზე ისაუბრა რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საზოგადოების ჩართულობის და აქტიურობის გარეშე ის პროექტები და გეგმები, რომელსაც მთავრობა გეგმავს განახორციელოს, ვერ იქნება წარმატებული.
როგორც გუბერნატორმა Knews.ge-ს განუცხადა კახეთში ბევრი ინფტასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება, რომელიც ხელს შუწყობს ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებასა და გაძლიერებას.
,,მაქსიმალურად ვცდილობთ, რეგიონში მოხდეს ინვესტორის შემოყვანა იმისთვის, რომ მიმართულებები, რომელებიც რეგიონისთვის მნიშვნელოვანია: მევენახეობა, მეხილეობა, მეღვინეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს უფრო მეტად ტურიზმის განვითარებას და ტურისტების შემოდინების რიცხვის გაზრდას. წელს, ბევრი ტურისტი იმყოფებოდა კახეთში, სასტუმროში ადგილების დეფციტსაც კი განვიცდიდით. შესაბამისად, სასტუმროების მშენებლობა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და დახვეწა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. შეხვედრაზე ვისაუბრეთ თვითმმართველობასთან დაკავშირებული პრობლემეზე, სოციალური სფეროსა და სხვა საკითხებზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია გავიგო რას ფიქრობს საზოგადოება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ამავდროულად, მინდა, მივიტანო საზოგადოებამდე მთავრობის პოლიტიკის შინაარსი და ვისაუბრო იმ მთავარ მიმართულებებზე, რომლის განხორციელებასაც მთავრობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აპირებს,’’– განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა.
ნიმდის თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ შარვაშიძეს განცხადებით, ორგანიზაცია აგრძელებს საზოგადოებასა და საჯარო მოხელეებს შორის დიალოგის ხელშეწყობის კამპანიას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გუბერნატორმა საზოგადოებას პირადად მიაწოდა ინფორმაცია რეგიონში განსახორცილებელ პროექტებსა და გეგმებზე და მოისმინა მათი მოსაზრებები.
,,მნიშვნელოვანია, რომ კახეთის გუბერნატორი შეხვდა ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე მან ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა მიმართულებებით გუბერნატორის ხედვისა და გეგმების მოსმენა,’’– განაცხადა ნიკოლოზ შარვაშიძემ.