ევროკავშირის პრიზის მოსაპოვებლად საკონკურსო მასალების წარდგენის ვადა დღეს იწურება
წელს, პრიზები შვიდ კატეგორიაში გაიცემა. საპრიზო კატეგორიებია, საუკეთესო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში; საუკეთესო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში; საუკეთესო საგამოძიებო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში; საუკეთესო საგამოძიებო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში; საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი, ან თვალსაზრისი / სვეტი ბეჭდურ ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში; საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანური ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ასახავს და გამოქვეყნებულია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაცი მედიაში; კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში).
პირველ ექვს კატეგორიაში გამარჯვებულები 1250 ევროს მიიღებენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მშვიდობის პრიზი ითვალისწინებს ლონდონში ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში ერთთვიან სტაჟირებას.
,,დამატებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გასცემს სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკაში მაღალი პროფესიული სტანდარტების, ეთიკური ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ნდობის აღდგენასა და გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს”, – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.