ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატი – ყვარელში გოგონების წინდაცვეთის ფაქტები დადასტურდა

მოსახლეობის ინფორმაციით, გოგონების წინდაცვეთის დროს ხდება ქალის სასქესო ორგანოს, კლიტორის მცირე ნაწილის მოკვეთა ან ჩაჭრა, სახლის პირობებში.
”საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო ყვარლის მუნიციპალიტეტში ქალის გენიტალიების სავარაუდო დასახიჩრების შემთხვევათა შესწავლა. 2016 წლის 24–25 ოქტომბერსა და 9 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვდნენ და გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას, სკოლის მასწავლებლებს, გამგებლის რწმუნებულის თანამშრომლებს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უფროსს და თელავში მდებარე ერთ-ერთი სამშობიარო სახლის მორიგე ექიმ–გინეკოლოგს. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას ადგილობრივმა მოსახლეობამ დაადასტურა ამგვარი პრაქტიკის არსებობა, რომელსაც „ნათლობას“ უწოდებენ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გოგონების წინდაცვეთის დროს ხდება ქალის სასქესო ორგანოს, კლიტორის მცირე ნაწილის მოკვეთა ან ჩაჭრა, სახლის პირობებში. ამასთან, მოწოდებული ინფორმაციით, ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა მუნიციპალიტეტის ერთ სოფელში სავარაუდოდ სრულადაა გავრცელებული, ხოლო ორ სოფელში მხოლოდ რამდენიმე ოჯახის მიერ ხორციელდება”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სამწუხაროდ, მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას საკითხის სირთულის, რისკებისა და გართულებების შესახებ, ასევე, არ იციან თუ რა მიზანს ემსახურება აღნიშნული პრაქტიკა და მას ძირითადად რელიგიურ წეს-ჩვეულებებს უკავშირებენ. 
პრობლემის მასშტაბებისა და სიმძიმის შესწავლისთვის საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის რაიონულ სამმართველოს უფროსს, რომლის ინფორმაციით, ამ ფაქტების შესახებ ბოლო დროს შეიტყვეს, თუმცა გადამოწმებისას არ დადასტურდა. 
”სამედიცინო დაწესებულებაში, მორიგე ექიმი არ ფლობდა ინფორმაციას გავრცელებული წინდაცვეთის პრაქტიკის შესახებ და ვერ გაიხსენა პაციენტი ქალი დასახიჩრებული გენიტალიებით. თუმცა, აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ გოგონას სასქესო ორგანოს, კლიტორის მცირე ნაწილს ბავშვობის ასაკში მოაჭრიან, წლების შემდეგ ამგვარი მანიპულაციის კვალი, შეიძლება ვიზუალურად შესამჩნევი აღარ იყოს. აღსანიშნავია, რომ ქალის გენიტალიების დასახიჩრება უფლებადარღვევის უკიდურესი ფორმაა, რომელიც არღვევს ქალის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და წამების აკრძალვის უფლებებს. ამგვარი პრაქტიკა ძირითადად ქალზე და მის სხეულზე კონტროლის მიზნით ხორციელდება. მით უფრო, სახლის პირობებში, გენიტალიებზე მანიპულაციის ჩატარებამ, შესაძლოა, მრავალი გართულება გამოიწვიოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალა ვრცლად იხილეთ ლინქზე