ახალი ამბები

აგროპროექტში დანერგე მომავალი ცვლილებები შევიდა

აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ფერმერებს საშუალება ექნებათ გააშენონ მაყვლისა და ჟოლოს კულტურები საქართველოს ყველა რეგიონში. ამავდროულად, პროექტს დაემატა კომშის გაშენების შესაძლებლობა კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმი — ქვემო სვანეთში.

,,პროექტი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და უკვე 1 500 ჰა-ზე მეტი ნახევრად ინტენსიური და ინტენსიური ბაღი მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებულია, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებით ახალი ტიპის მებაღეობის განვითარებას გულისხმობს აღნიშნული კულტურების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს, ვინც აგროპროექტ „დანერგე მომავალში“ ჩაერთვებიან, სახელმწიფო ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობის ღირებულების 50% -ს დაუფინანსებს”,-განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

აგროპროექტი „დანერგე მომავალი“-ს ფარგლებში გაშენდა/შენდება 2044-ჰა მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები, ხოლო სახელმწიფოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ 9,767,644 ლარი შეადგინა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ, აგროპროექტ „დანერგე მომავლის“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
ბაღის გაშენების შემთხვევაში — ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში — მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ს.
სრული ინფორმაციისთვის, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზით (15 01) ისარგებლონ.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, apma.ge