თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გაიხსნა
როგორც თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ knews.ge-ს განუცხადა, გუშინ დილამდე აბანოს უღელტეხილზე თოვდა, რაც გზის გაწმენდით სამუშაოებს აფერხებდა. მისივე ინფორმაციით, სამუშაოები გუშინ გვიან ღამით დასრულდა.
„საგზაო სამსახური ელოდებოდა, როდის შეწყდებოდა თოვა, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოები გაგრძელებულიყო. დღეს დილიდან მოძრაობა აღდგა და აბანოს უღელტეხილი გუშინ გვიან ღამე გაიწმინდა. მოსახლეობის ნაწილმა თუშეთის უკვე დატოვა, გარკვეული ნაწილი კი დარჩა. მოსახლებას ვურჩევ, დროულად დატოვონ თუშეთი, თუმცა დილისა და საღამოს საათებში მოერიდნენ აბანოს უღელტეხილზე გადაადგილებას, რადგამ ამ პერიოდში გზა მოყინულია და საშიშია“, – განუცხადა knews.ge-ს კახოიძემ.
თუშეთში თოვლი 16 ოქტომბერს მოვიდა. აბანოს უღელტეხილზე თოვლის საფარის სიმაღლე 60 სანტიმეტრს აღემატებოდა, ხოლო სოფელ ომალოში კი 15 საინტიმეტრს აღწევდა.