ახალი ამბები

სოფელ ენისელში ბიბლიოთეკა გაიხსნება

სოფლის ბიბლიოთეკა სათემო ცენტრ ,,ენისელის“ პროექტის ,,განათლებული თაობა–საიმედო მომავალი“ ფარგლებში გაიხსნება. ბიბლიოთეკა გაეროს პროექტის ,,ქალთა გაძლიერება– ცვლილებისთვის“ ფარგლებში გარემონტდა და სათანადო ინფრასტრუქტურით აღიჭურვა. 
როგორც knews.ge-ს სათემო ცენტრის კოორდინატორმა მარიამ ოსიაშვილმა განუცხადა, სოფელში მდებარე ბიბლიოთეკა 6 წლის განმავლობაში იყო დაკეტილი, მათი აქტიურობის შემდეგ კი სოფლის მოსახლეობას საშუალება ექნება ბიბლიოთეკაში დაცული 15 000–მდე ძველი და ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ნაჩუქარი ახალი ლიტერატურით ისარგებლოს.
მისივე თქმით, აღნიშნულ შენობაში ელექტრონული ბიბლიოთეკის ოთახიც იქნება მოწყობილი, რომლითაც სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. 
,,ერთ–ერთი დიდი პროექტის განხორციელება, სოფლის ბიბლიოთეკის აღდგენა დავამთარეთ, რომლის პრეზენტაციაც ხვალ გვაქვს. ბევრი ორგანიზაცია და, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობა დაგვეხმარა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაუშვა ბიბლიოთეკარის შტატი, ეროვნული ბიბლიოთეკა კი წიგნებით მოგვამარაგებს. დახმარება გაგვიწია, ასევე, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა, რომელმაც ფართი გაგვირემონტა’’,– განუცხადა Knews.ge-ს მარიამ ოსიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სოფელ ენისელის მოსახლეობა აღნიშნული ბიბლიოთეკის გახსნას ექვსი წლის განმავლობაში ითხოვდა. 
,,წლებია მოსახლეობა ითხოვდა ბიბლიოთეკის აღდგენას, სადაც 15 000–მდე უნიკალური წიგნი იყო დაცული. სწორედ ამიტომ გადავწყვიტა ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა კონკურსში მონაწილეობა. დავწერეთ პროექტი და მოვიგეთ გრანტი. პროექტის ფარგლებში კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გადმოგვცა ორი კომპიუტერი და პრინტერი, რამაც საშუალება მოგვცა, მოგვეწყო ელექტრონული ბიბლიოთეკა. სულ სამი ოთახი გვაქვს: ერთი იქნება წიგნების საცავი, მეორეში მოეწყობა ელექტრონული ბიბლიოთეკა, სადაც იქნება კომპიუტერები და მესამე პატარა ოთახი იქნება მისაღები, სადაც მოსახლეობას საჭირო კონსულტაციებს გაუწევს ბიბლიოთეკარი. გვინდა, ბიბლიოთეკაში იყოს კომპიუტერის შემსწავლელი კურსები. ბიბლიოთეკა მოსახლეობას ნოემბრიდან მოემსახურება’’,– აღნიშნა მარიამ ოსიაშვილმა.