ახალი ამბები

ბურჯანაძე – სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ერთი მილიარდი ლარი იქნება გათვალისწინებული

ბურჯანაძის თქმით, შეიქმნება აგროსამრეწველო ბანკი, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეალური სუბსიდირება. მისი განმარტებით, დაფინანსების პრიორიტეტული მიმართულება იქნება სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოები და სასაწყობე მეურნეობები. 

„სახელმწიფომ უნდა იზრუნოს გლეხებისა და ფერმერების გაძლიერებაზე. ხელი უნდა შევუწყოთ დაფინანსების ეფექტიანი სისტემის დანერგვას. ფერმერებისათვის გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხი უნდა იყოს ხელმისწავდომი. კახეთს სჭირდება ხელშეწყობა, იმ ჯიშებს, რომლებიც მართლა შესანარჩუნებელია. უპირველეს ყოვლისა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ის, რომ დაზღვევის სისტემა ამოქმედდეს, რადგან ადამიანები ცას არიან მიჩერებულები და არ არიან დაზღვეულები. დაზღვევის სისტემამ უნდა დაიცვას გლეხი და ფერმერი მოუსავლიანი წლის შემთხვევაში გაკოტრებისა და ვალების დაგროვებისაგან“, – აღნიშნა ბურჯანაძემ. 

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია რუსეთის სტაბილური ბაზრის გახსნა, რომელიც წაახალისებს რეგიონებში პროდუქციის შესყიდვისა და რეალიზაციის ცენტრების შექმნას. 

„რუსული ბაზრის სრულყოფილად გახსნა სასოფლო პროდუქციის რეალიზაციას და გასაღებას. შესაძლებელი იქნება შეიმნას გადმამუშავებელი საწარმოები, ადამიანები დასაქმდნენ და უმუშევრობის პრობლემა მოგვარდეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

„დემოკრატიული მოძრაობის “ ლიდერმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თელავში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და აღნიშნა, რომ კმაყოფილია ამ შეხვედრებით, რადგან კახეთში, ტრადიციულად, პარტიას უამრავი მომხრე ჰყავს. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოქალაქეებს ნათლად ესმით პარტიის დაპირებები და ის, რაც ქვეყნის განვითარებასთან და საგარეო პოლიტიკასთან წინასაარჩევნო პროგრამაშია გათვალისწინებული.