პრემიერი – ყველაფერი, რაც არის ქალაქში, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სოფლისათვის
გიორგი კვირიკაშვილმა ყვარელში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავრობამ ყველა ღონისძიება უნდა გაატაროს იმისთვის, რათა ინფრასტრუქტურულად ყველაფერი, რაც არის ქალაქში, ხელმისაწვდომი იყოს სოფლისათვის.
„ბევრი რამ არის გასაკეთებელი, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ ვმოგზაურობთ საქართველოს ყველა რეგიონში, ვხვდებით ადამიანებს და ჩანს რამხელა განსხვავებაა ქალაქსა და სოფელს შორის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეგიონებში, რაიონებში, სოფლებში იყოს ყველა ინფრასტრუქტურა და ცხოვრების ის კომპონენტები, რომელიც პრაქტიკულად მოშლის განსხვავებას. რა თქმა უნდა, ქალაქსა და სოფელს შორის განსხვავება იქნება, მაგრამ ინფრასტრუქტურულად, ყველაფერი ის, რაც არის ქალაქში, უნდა იყოს ხელმისაწვდომი სოფლად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლებს ახლო მომავალში მიეწოდება მაღალსიჩქარიანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი. პრემიერის განმარტებით, ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება სკოლებისათვის, რადგან ტელეხიდების მეშვეობით შესაძლებელი გახდება სასწავლო გაკვეთილების ჩატარება.
„ჩვენ წამოვიწყეთ უპრეცედენტოდ ამბიციური პროექტი, რომ საქართველოს 2000 დასახლებულ პუნქტში მივიდეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი, სწრაფი ინტერნეტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უპირველეს ყოვლისა, განათლების სისტემისთვის, როდესაც შესაძლებელი გახდება სოფლის სკოლებში, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, ტელეხიდების მეშვეობით, სასწავლო გაკვეთილების ჩატარება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.