კახეთში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა მატულობს
ოპოზიციური პარტიების რეგიონული ოფისების დარბევა დედოფლისწყაროში, გურჯაანსა და წნორში, დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო ბანერის დაზიანება ყვარელში და ცოცხით შემკობილი დეპუტატობის კანდიდატის ავტომანქანა თელავში – აღნიშნულ ფაქტებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან მათზე ზეწოლად აფასებენ და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.
რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში პარტიის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ ოფისი გვიან ღამით უცნობმა პირებმა დაარბიეს. ენმ-ს დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ოფისი საღებავებით შეღებეს და ქვები ესროლეს.
„როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარმატებით აგრძელებს ირაკლი ღარიბაშვილის ხაზს. ამ რაიონის სამწუხარო ყოველდღიურობაა ხალხის დაშინება; ქუჩაში ადამიანებისთვის საქმის გარჩევები პოლიტიკური შეხედულებების გამო; მუქარა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ ან სოციალურ დახმარებას გაუუქმებენ. ამ მუქარებს პირადად ღარიბაშვილის მამა და ვინმე კაკაშა ახორციელებენ. შესაბამისად, ძალადობის მთავარი ორგანიზატორებიც ესენი არიან აწ უკვე კვირიკაშვილის დაკვეთით. ამ ყველაფერს წერტილს დავუსვამთ 8 ოქტომბერს,“– განაცხადა ბეჟაშვილმა.
დედოფლისწყაროს მსგავსად უცნობმა პირებმა პოლიტიკური მოძრაობა “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ გურჯაანისა და წნორის რაიონული ოფისები დააზიანეს. მათ, შენობების კედლები და სააგიტაციო ბანერები ცისფერი წარწერებით ,,41“ და ,,41+პაატა“ შეღებეს. პარტიის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გია ხაზიური აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.
,,ბოლო პერიოდში ორი პოლიტიკური ძალა – “ქართული ოცნება“ და ,,ნაციონალური მოძრაობა“ ისტერიული მეთოდებით გვებრძვის. პირველი გვეუბნება, რომ მეორეს სატელიტი ვართ და პირიქით. ამ პარტიებმა ერთმანეთს თავი დაანებეს და ჩვენზეა გადმოტანილი ძირითადი აქცენტი, რადგან იციან ჩვენი ძალა. სამართალდამცავებს ვთხოვ, რომ დროულად და ობიექტურად გამოიძიონ ეს ვანდალური ფაქტი”, – განაცხადა გია ხაზიურმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში კი ენმ-ს თელავი – ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის საარჩევნო ბანერი დააზიანეს. გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, ბანერს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ესროლეს. ბოტკოველი დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
,, გამოძიება დაწყებულია, დაკითხეს ყველა პირი და ბინის მეპატრონე, ვის სახლზეც იყო გაკრული ბანერი. ეს არის ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ შესრულებული საქმე, რადგან კარგად ხედავენ, რომ როგორც შილდაში ასევე, სხვა სოფლებშიც არ აქვთ კარგად საქმე და ცდილობენ, ჩვენი მომხრეები დააშინონ, მაგრამ ჩვენ უფრო ვძლიერდებით,”– განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
თელავის თემის საკრებულოს თანამშრომელმა ლევან კოჭლოშვილმა კი ქალაქის ცენტრში ,,ნაციონალური მოძრაობის’’ თელავი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ავტომანქანა ცოცხით შეამკო. მისი თქმით, ამ დროს ის შვებულებაში იმყოფებოდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კახეთის რეგიონული კოორდინატორი ზურაბ მირზიკაშვილი მომხდარ ფაქტებს აფასებს. მისი განცხადებით, თუ პროკურატურა აღნიშნულ ინციდენტებს დროულად არ გამოიძიებს, მსგავსი ქმედებებს ჩადენას წაახალისებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტები პროკურატურამ სწრაფად და ობიექტურად გამოიძიოს. უნდა გატარდეს სათანადო ღონისძიებები, რომ მსგავსი ფაქტები სხვებმაც არ გაიმეორონ, რაც ამწვავებს წინასაარჩევნო პერიოდს“, – აცხადებს ზურა მირზიკაშვილი.