დედოფლისწყაროში ხორბლის ყანები დაიწვა
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხორბლის მოსავალი აღებული არ ჰქონდათ.
,,სამი ადამიანის კუთვნილი ტერიტორიები განადგურდა. ჯამში 12 ჰა მოსავალი დაიწვა”,–განაცხადეს ადგილობრივებმა.
დედოფლისწყაროში მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაწვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების პრევენციული სამოქმედო გეგმა რამდენიმე დღის წინ შემუშავდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილის განცხადებით, შირაქში ქარსაფარი ზოლების არსებობა მნიშვნელოვნად მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე.
,,ქარსაფარი მოსავლის 30%-მდე დანაზოგს იძლევა, ამას გარდა, იგი საბინადრო ადგილია იმ ფრინველებისა თუ ცხოველებისთვის, რომლებიც მოსავლისთვის საშიშ, მავნე მღრღნელებზე ნადირობენ”, – განაცხადა ცოფურაშვილმა.
დედოფლისწყაროს გამგებლის ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, ქარსაფარ ზოლებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს მოფრთხილება და დაცვა ესაჭიროება.
,,მუნიციპალიტეტში შექმნილია მრჩეველთა საბჭო, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბიომრავალფიროვნების დაცვისა და სოფლის მეურნეობის პრობლემების შესახებ მუშაობს. ადგილობრივი მოსახლეები ვალდებულნი არიან, იზრუნონ აღნიშნულ პრობლემებზე, რომელიც საყოველთაოა და არავითარ შემთხვევაში მხოლოდ მიწის მესაკუთრის”, – აღნიშნა ჯანიაშვილმა.