სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სოფელ კარდენახშია, სადაც სტიქიამ ხეხილის ბაღები, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები გაანადგურა. ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქიამ ვენახების გარკვეული ნაწილი გაანადგურა.
,,საშინელი მდგომარეობაა სოფელში, სტიქია თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. თავიდან ბოლომდე გაანადგურა ჩემი ვენახი და ბოსტნეული. სხვების ვენახები და ხეხილის ბაღებიც გააფუჭა სეტყვამ. ხალხს ბანკიდან ვალები აქვს გამოტანილი, რომ ვენახისთვის მიეხედა, ახლა რა უნდა ვქნათ არ ვიცით,’’– განუცადა Knews.ge-ს კარდენახელმა ჯემალ მაისურაძემ.
როგორც Knews.ge-ს სოფელ კარდენახში გამგებლის წარმომადგენელმა, ალიკა ტურიაშვილმა განუცხადა, სტიქიამ სოფელს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
,,ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სოფელში ვენახები, ბოსტნეული, ხეხილისა და საზამთროს ბაღები გაანადგურა. დღეს დილიდან მოსახლეობის ნაკვეთებში დავდივართ რომ ზარალის რაოდენობა გავარკვიოთ. ზოგს მოსავალი 100%–ით გაუნადგურა, ზოგი ოჯახი კი ნაკლებად დაზარალდა. გარდა ამისა, ძლიერმა ქარმა მინდვრებში არსებულ ფერმებსაც გადახადა სახურავები. ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის გამგეობას ვაწვდით,’’– განუცხადა Knews.ge-ს ალიკა ტურიაშვილმა.