ახალი ამბები

ლაგოდეხში განახლებული აკვაპარკი გაიხსნა

როგორც აკვაპარკის მენეჯერმა ზაქარია ბარნოვმა knews.ge-ს განუცხადა, ყველა მსურველს ექნება საშუალება მინიმალურ ფასად, 5 ლარად მთელი დღის განმავლობაში საცურაო აუზებით ისარგებლოს. მისივე თქმით, სამომავლოდ აკვაპარკის ტერიტორიაზე სასტუმროს გახსნაც იგეგმება.
,,ვფიქრობ ეს თანხა ყველაზე მინიმალურია და ნებისმიერი პირისთვის მისაღები. დამსვენებელს ამ ფასად შეუძლია მთელი დღის განმავლობაში ისარგებლოს აკვაპარკით. ასევე გვაქვს ბავშვებისთვის აუზები, გვყავს მაშველები, რომლებიც ყველა დამსვენებლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ’’,– განუცხადა knews.ge–ს ზაქარია ბარნოვმა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კახა ჯამბურიას თქმით, განახლებული აკვაპარკის ფუნქციონირება ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. 
,,ლაგოდეხში ტურიზმის განვითარებისათვის მუნიციპალიტეტის გამგეობა ცდილობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. აკვაპარკთან მისასვლელი გზა მოვაწესრიგეთ, რომ დამსვენებლებს არ შეექმნათ გადაადგილების პრობლემა. მსგავსი სიახლეები და პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის’’, – აღნიშნა კახა ჯამბურიამ.