ახალი ამბები

თელავში მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელებენ

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრა მოქალაქეების მოთხოვნით დაიგეგმა. 

,,შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალური ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ექიმი ინფექციონისტები, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, ჟურნალისტები, მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები”. 
თელაველების განცხადებით, ქუჩებში მაწანწალა ძაღლების რიცხვი გაზრდილია რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. 

,,მუნიციპალიტეტს არ აქვს უპატრონო ძაღლების თავშესაფარი, რაც უზრუნველყოფდა ცხოველების (ძაღლების და კატების) პოპულაციის უსაფრთხო და კანონიერ მოვლა-პატრონობას”.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლებისვე თქმით, მერიის წარმომადგენლები ისაუბრებენ ამ კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე. ექიმი ინფექციონისტები შეხვედრის მონაწილეებს გააცნობენ მაწანწალა ძაღლების უკონტროლო გადაადგილებასთან დაკავშირებულ რისკებსა და რეკომენდაციებს თვითმმართველობისადმი, რაც გააუმჯობესებს ქალაქში ცხოველთა პოპულაციის მართვის პროცესს და უსაფრთხოს გახდის ქალაქს. 

,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად მუნიციპალიტეტს შეუძლია დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი”.

შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.