პაატა ბურჭულაძემ გურჯაანში ოფისი გახსნა
ბურჭულაძემ მხარდამჭერებს ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის სწრაფი განვითარების გეგმა გააცნო.
„მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს შეხვედრაზე ამდენი ხალხი მოვიდა. გურჯაანში და კახეთში მოსახლეობას აქვს ბევრი პრობლემა, მაგრამ ყველაფერს ეშველება. მე მათ ვთხოვ, ოქტომბრამდე იმედს ნუ დაკარგავენ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
პოლიტიკური მოძრაობის ლიდერმა გურჯაანში შეკრებილ საზოგადოებას გუნდის წევრები წარუდგინა და წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ბურჭულაძემ “სახელმწიფო ხალხისათვის” გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ბიზნესმენი გია ხაზიური დაასახელა. ის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ 8 ოქტომბრის შემდეგ მოსახლეობისათვის ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება.
,,პოლიტიკაში მოვიდვართ სერიოზული და ქვეყნის განვითარებისათვის ძალზე საჭირო გეგმებითა და პროგრამებით. ვემზადებით სერიოზული შედეგების მისაღებად. ოპონენტებისაგან ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური ცილისწამებები უკვე არსებობს, რაც სასაცილოა და ყველაფერს მალე გაეცემა შესაბამისი პასუხები”, – განუცხადა Knews.ge-ს გია ხაზიურმა.