ახალი ამბები

თელავში ქარიშხლის შედეგად გადახდილი საცხოვრებლების სახურავების გადახურვა გრძელდება

,,ალაზანი-კავკასიონის ადმინისტრაციულ ერთეულში, აღმაშენებლის შესახვევის #11-ში მიმდინარე მრავალსართულიანი სახლის გადახურვითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. 30 ივნისს საღამოს ქარიშხლის შედეგად გადახდილი ორი მრავალსართულიანი სახლის სახურავის გადახურვითი სამუშაოები 1 ივლისიდან დაიწყო. ბიუჯეტიდან 99 000 ლარი გამოიყო. ამ ეტაპისთვის უკვე დასრულებულია კავკასიონის #37 არსებული მრავალსართულიანი ბინის გადახურვითი სამუშაოები. ხოლო აღნიშნული სახურავის გადახუვა მიმდინარე თვის 20 ივლისამდე დასრულდება”–განაცხადა თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა ქარმა ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირსა და კავკასიონის ქუჩაზე ორ საცხოვრებელ კორპუსს სახურავები გადახადა. ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების სოფლებში კი ქარიშხალმა მრავალწლოვანი ხეები და ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენი ბოძები დაგლიჯა. სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ერთწლიანი კულტურებიც დააზიანა.