პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი: “მე სამშვიდობო მისიაში ნამყოფი ვარ _ ქართველი ჯარისკაცისთვის ნიშნავს, რომ მე ვარ სრულფასოვანი მებრძოლი”

სამაგალითოა მისი ფიზიკური მზაობა, ინტელექტუალური შესაძლებლობები და გამოცდილების გაზიარების უნარი, რაც მას, როგორც ჯარისკაცს, პროფესიონალად აქცევს. მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ, კომუნიკაციის უნარი და ფრანგული ენის ცოდნა, ქართული შეიარაღებული ძალების ტრადიციებისა და დასავლური მიდგომების კარგ ტანდემს ქმნის.

სამხედრო კარიერის დასაწყისი

„შეიარაღებულ ძალებში 1995 წლიდან ვმსახურობ. ეს პერიოდი, საქართველოსთვის საკმაოდ დაძაბული იყო. როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომმა ჩემს ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა“, _ ამბობს მალხაზ მერლანი.

ზუსტად ხედავდა თავის მომავალს… როგორც კი სკოლა დაამთავრა, სწავლა თავდავცვის ეროვნულ აკადემიაში განაგრძო. მალხაზ მერლანი:

„თავდაცვის აკადემიის მესამე გამოშვება ვარ. რთული იყო მაშინდელ სამხედრო სასწავლებელში ჩამოყალიბებულ სისტემასთან შეგუება. დღეს ყველაფერი შეიცვალა. აკადემიაში თანამედროვე და სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალებაა. მაშინ აკადემია ორი წლის შექმნილი იყო. იყო ბევრი პრობლემა, თუმცა ჩემთვის მთავარი ის მოტივაცია იყო, რომელიც საომარი პროცესების შემდეგ უფრო და უფრო გამიმძაფრდა“.

სამხედრო აკადემია არტილერისტის მიმართულებით დაამთავრა. პოსტსაბჭოთა პერიოდში საარტილერიო სასწავლებელი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო. ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან სწორედ ამ მიმართულებით ჩაირიცხა. რუსული სამხედრო სტანდარტების გავლენა ძლიერი იყო, მაგრამ იმ დროის სამხედროებმა დასავლურ მიდგომებს ალღო მალე აუღეს, მალხაზ მერლანის თაობამ ტრანსფორმაციის რთული და ხანგრძლივი პროცესი გამოიარა.

მალხაზ მერლანი: „გვქონდა გარკვეული წინააღმდეგობები და განვითარების დიდი სურვილი. საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პირველი ნაბიჯი კი საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამიდან (GთEP) იწყება. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც აკადემიის დამთავრების შემდეგ მოხდა და რამაც რეალურად განაპირობა ჩვენი ტრანსფორმაცია. აქედან დაიწყო კურსების და სწავლებების ნაკადი უცხოეთში“.

ინგლისური ენის კურსზე შეზღუდული ადგილების გამო ვერ მოხვდა, ალტერნატივა მალე გამოჩნდა: ინგლისური ფრანგულმა ჩაანაცვლა. ასე დაიწყო მალხაზ მერლანის კავშირი საფრანგეთთან. შემდეგ იყო კომანდოს კურსი საფრანგეთში და პირველი პრაქტიკული ნაბიჯები დასავლური სისტემისკენ. მალხაზ მერლანი: „ჩემთვის ეს იყო ტრანსფორმაციის პერიოდი, რამაც მთლიანად შემცვალა. გავიარე ყველა სამთო-კურსი, რაც ფრანგებს იმ დროს გააჩნდათ“.

ქართველი სამხედროს კვალიფიკაცია და დასავლური გამოცდილება 2005 წელს დაარსებული საჩხერის სამთო-მომზადების სკოლის მეთაურად დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გახდა.

მალხაზ მერლანი: „ეს პერიოდი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნულიდან დაწყებული საქმე 4 წელიწადში ბოლომდე მივიყვანეთ. 2010 წელს სკოლამ ნატოს სტატუსი მიიღო და დღეს იქ სწავლებას არა მხოლოდ ქართველი სამხედროები, არამედ ამერიკელი და ევროპელი ჯარისკაცები გადიან. საჩხერის სამთო-მომზადების სკოლა დღეს ერთ-ერთი ფლაგმანია“.

სამშვიდობო მისიაში _ მალის რესპუბლიკა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2013 წელს უკვე ნამყოფი იყო. ამ დროს საქართველოს ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონდა. როდესაც დღის წესრიგში, დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში, მალში ჩართვის საკითხი დადგა, მალხაზ მერლანი ერთ-ერთი იმ ჯარისკაცთაგანი აღმოჩნდა, ვისი კანდიდატურაც თამამად განიხილეს.

მალხაზ მერლანი: „მალის სამშვიდობო მისიაში ჩემი წარგზავნის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მოტივი ფრანგული ენის ცოდნაც იყო. ზოგადად, საქართველოში მოსახლეობამ უფრო მეტი იცის ნატოს ოპერაციებზე ვიდრე ევროკავშირის სამშვიდობო მისიებზე. შესაბამისად, ჩემთვისაც ბევრი რამ იყო უცნობი. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთი საინტერესო გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდი… მალში 5 თვე ვიმსახურე…“

როდესაც დგება საკითხი სამშვიდობო მისიებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის მნიშვნელობაზე, უამრავი არგუმენტაცია არსებობს თუ რატომ? რა მნიშვნელობისა და ფასეულობისაა აღნიშნული ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჯარისკაცისთვის… მალხაზ მერლანს თავისი არგუმენტები აქვს: „პირველი მოტივი არის პრევენცია, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იქიდან საიდანაც შეგვიძლია. ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. მეორე _ არანაკლებ მნიშვნელოვანი: საკუთარი თავის გამოცდაა. ხშირად ვაცხადებთ, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე ვდგავართ, გვსურს ვიყოთ ნატოში, ევროკავშირში და ა.შ. სწორედ ეს მისიები წარმოადგენს იდეალურ საშუალებას იმისთვის, რომ ქვეყანამ და თითოეულმა ჯარისკაცმა საკუთარი თავი და შესაძლებლობი გამოცადოს _ ვართ თუ არა მზად იმისთვის, რომ ამ სრულფასოვანი ერთობის წევრი გავხდეთ. ფაქტი სახეზეა. ნატოს თუ ევროკავშირის ეგიდით, ყველა მისიაში ძალიან კარგი ავტორიტეტით ვსარგებლობთ. ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს ხშირად უთქვამთ, რომ ქართველი ჯარისკაცების გვერდში დგომა ყველაფერს ურჩევნიათ, რადგან სამაგალითოდ უშიშრები არიანო“.

მალის სამშვიდობო მისიაში მალხაზი მეკავშირე ოფიცრის ფუნქციას ასრულებდა… მალხაზ მერლანი: ვიყავი პასუხისმგებელი ამ მისიის ხელმძღვანელობას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის. ცნობილია რომ, მისიის ფარგლებში, განსაკუთრებული წვლილის შეტანის გამო, ერთადერთ სამხედრო მოსამსახურეს მადლობის სიგელს აძლევენ… მალის სამშვიდობო მისიაში მონაწილეთაგან ეს პატივი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის, საქართველოს წარმომადგენელს, მალხაზ მერლანს ხვდა. მისიის გერმანელმა გენერალმა მერლანს შემდეგი სიტყვებით მიმათა: „ბატონო პოლკოვნიკო დიდი მადლობა, რომ თქვენ თქვენი ქვეყნის საუკეთესო დესპანი ხართ “.

მალხაზ მერლანი: „როდესაც შეიარაღებულ ძალებში მოვდივართ, ფიცს ვდებთ: „სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისთვის და დავიცვა ჩემი ქვეყნის ინტერესები“. საბედნიეროდ, ქართველი ჯარისკაცები მისიებში გაშვებას მუდმივად ითხოვენ. რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ ეკონომიური ფაქტორი არ არის. ძალიან საამაყოა, რომ დღეს მისიაში მონაწილეობა პრესტიჟულია. „მე სამშვიდობო მისიაში ნამყოფი ვარ“, _ ქართველი ჯარისკაცისთვის ნიშნავს, რომ მე ვარ სრულფასოვანი მებრძოლი“.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: [email protected] ;
ვებგვერდი: mod.gov.ge