ახალი ამბები

გურჯაანში პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე ძებნილი პირი დააკავეს

მას ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება და ძარცვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ომარ ც.-მ 2016 წლის 11 მაისს, ღამით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს მეორე განყოფილების პატრულ-ინსპექტორების მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების ცნობით, სროლისას დაზიანდა საპატრულო ეკიპაჟის ორი ავტომანქანა. პოლიციის არც ერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.
,,სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, 17 მასრა ამოიღეს. პოლიციამ ნაძარცვი ავტომანქანა გურჯაანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული იპოვა. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ომარ ც.-ს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.