სტატიები

შეხვედრა მელიორაციის წარმომადგენლებთან

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გოჩა ცოფურაშვილის და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის ლევან დვალის მორიგი სამუშაო შეხვედრა რეგიონის  გუბერნატორ პაატა ხიზანაშვილთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან. 

რეგიონის საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ სამელიორაციო ინფრატსრუქტურის რეაბილიტაცია ადგილობრივ ხელისუფლებებთან მჭიდრო თანამშრომლობით იგეგემება.  ამასთან დაკავშირებით შპს „საქართველოს მელიორაციის“  გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა და კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონის დირექტორმა, ზვიად მანდარიამ, შეხვედრის ფარგლებში რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის და დაგეგმილ პროექტების პრეზენტაცია წარმოადგინეს.

საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა,   მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებთან ერთად, ისაუბრა  ბოლნისში განსახორციელებელ პროექტზე, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება. მან დამსწრე საზოგადოებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია  იმ პროექტების შესახებ, რომელსაც კომპანია საკუთარი ტექნიკითა და ძალებით განახორციელებს. 

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა:“მელიორაცია ერთ-ერთი განსაკუთრებული მიმართულებაა სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. დიდი სამუშაოებია ჩატარებული მთლიანად ქვემო ქართლში”.მისი თქმით, მნიშნელოვანია შემდგომში ასოციაციების ჩამოყალიბება.

 სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. კომპანიის წარმომადგენლებმა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა განიხილეს რეგიონში საირიგაციო სისტემებთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები.

ქვემო ქართლის გუბერნატორმა, დადებითად შეაფასა ქვემო ქართლის მხარეში სამელიორაციო სისტემებზე ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებები და დასძინა, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური თანამშრომლობის შედეგია    რეგიონში გაორმაგებული წყალუზრუნველყოფილი ფართობები.

2012 წლიდან დღემდე ქვემო ქართლის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრატსრუქტურის 18 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 24 500 ჰექტრიდან 43 500 ჰექტრამდეა გაზრდილი. დღეისათვის ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ობიექტების 6, ხოლო საქართველოს მასშტაბით 25სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს.

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცია (R)