“საქართველოს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, თუმცა აქტივები გამოუყენებელია”
არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტის, ირაკლი მაკალათიას განცხადებით, ლექციების ციკლი შეეხება ეკონომიკურ თავისუფლებასა, კერძო საკუთრების მნიშვნელობასა და მათ ურთიერთდამოკიდებულებას.
მაკალათიას თქმით, საქართველოს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, თუმცა აქტივები გამოუყენებელია, რის გამოც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დაბალია.
,,შევხვდით ,,რესპუბლიკური პარტიის’’ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება მოხდეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ქონების განკერძოება და გადასვლა კერძო სექტორში, რადგან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი საფუძველი არის კერძო სექტორი. დღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებობს მთლიანი რესურსების 60-70% და აუცილებელია მისი გადასვლა კერძო სექტორში, რომელიც უნდა მოხდეს უფასო პრივატიზების სახით და ეს ქონება თითოეულ მოქალაქეს გადაეცეს თანაბრად, სამართლიანად და ეფექტიანად’’,-განუცხადა knews.ge-ს ირაკლი მაკალათიამ.
ლექციების ციკლი ტარდება „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ (Friedrich Naumann Foundation For Freadom) მხარდაჭერით, პროექტ “Freedom and Economic Freedom”-ის ფარგლებში.