თელავის მერიამ ოთხ ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა
როგორც Knews.ge-ს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში განუცხადეს, ვაკანტურია საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის სამეურნეო, საბიუჯეტო – საგეგმო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის, ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტის, ადმინისტრაციული სამსახურის ტურიზმის, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიციები. ვაკანტურ ადგილებზე ხელფასი 400–დან 970 ლარამდე მერყეობს. კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად, რომელიც საბუთების გადარჩევას, ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს. საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ტესტები შედგება 60 კითხვისგან, რომელიც მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და ზოგად უნარებს.
კონკურსანტებმა მესამე ეტაპზე გადასასვლელად 51%-იანი ზღვარი უნდა გადალახონ.
„იმ კონკურსანტებს, რომლებმაც ტესტირებაზე მუნიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მათ დასაქმებაზე უარი უთხრა, კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული ქულები შეუნარჩუნდებათ. კანდიდატს შეუძლია, განაცხადი ერთდროულად 5 ვაკანსიაზე წარადგინოს“, – განუცხადეს knews.ge-ს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში.