ახალი ამბები

სოფელ საქობოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

კომპანია „ქართული ზეთისხილის“ საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად, „სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში აშენდა. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება, 5 მილიონი ლარია. ბიზნესმენ გიორგი სვანიძის განმარტებით, პროექტის ფარგლებში, გაშენდა ზეთისხილის პლანტაცია, სადაც დაირგო 250 ათასი ზეთისხილის ნერგი და აშენდა გადამამუშავებელი საწარმო. კომპანია ქართული ზეთისხილის პირველ მოსავალს საკუთარ საწარმოში გადაამუშავებს. სოფელ საქობოში წარმოებული პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ. კომპანია მომავალში საქმიანობის გაფართოებას და წარმოების გაზრდას გეგმავს.

საწარმოს გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე.

“ეს არის დიასპორული ინვესტიცია, საქართველოდან წასულმა ჩვენმა თანამემამულემ განახორციელა ინვესტიცია და გააშენა ზეთისხილის ბაღები, ჯამში არის 200 ჰექტარზე მეტი. აქ კახეთის რეგიონში გაიხსნა გადამამუშავებელი საწარმო. მან დაასაქმა 100 ადამიანზე მეტი და უშვებს ორგანულ, ბიოლოგიურად სუფთა ზეთისხილის ზეთს და ასევე დაფასოებულ ზეთისხილს. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამებით, ჩვენ არაერთი საინტერესო პროექტი დავაფინანსეთ რეგიონში. ეს პროექტი მათ შორის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს მსგავსი პროექტები კიდევ განხორციელდება,”– განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.