კახეთში კოოპერატივების განვითარების პროექტი დაიწყო
პროექტი ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას საქართველოს სამხრეთით მოსაზღვრე რეგიონებში. პროექტის მიზანია შექმნას კოოპერაციის სამაგალითო ნიმუშები და ხელი შეუწყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საწარმოო ჯაჭვის ჩამოყალიბებას კარტოფილის, საშემოდგომო ხახვის, სტაფილოს წარმოებისა და მაღალტექნოლოგიური მეფუტკრეობის სფეროებში.
,,თელავში ჩავატარეთ შეხვედრა და ფერმერებს გავაცანით პროექტის შესახებ ინფორმაცია და ოფიციალურად გამოვაცხადეთ კონკურსი, რომელშიც კოოპერატივებს და ფერმერთა ჯგუფებს შეუძლიათ ჩაერთონ. ვფიქრობთ, რომ პროექტის ფარგლებში სულ დაფინანსდება 10 პროექტი და იმედი გვაქვს, რომ კახეთი იაქტიურებს. პროექტი ითვალისწინებს კოოპერატივების ფინანსურ და ქონებრივ თანამონაწილეობას, თანადაფინასების სახით, რომელიც უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 30%. განსაკუთრებით წახალისებული იქნება ახალგაზრდების, ქალების და ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა”,- განუცხადა Knews.ge-ს კოოპერატივების განცითარების პროექტის ხელმძღვანელმა გვანცა მელაძემ.
კონკურსში გამარჯვებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები გრანტის სახით 30 000 ევროს მიიღებენ. კოოპერატივების სიმძლავრეების განვითარების პროექტი სამი წლის განმავლობაში გაგრძელება.
პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (Austrian Development Cooperation) ფარგლებში და მისი სამიზნე რეგიონებია: კახეთი, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი.