ოპოზიციამ თელავის საკრებულოს უზენაეს სასამართლოში საქმე მოუგო
უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საკრებულოს საკასაციო საჩივარი, ფრაქცია „ძლიერი თელავის“ რეგისტრაციაში გატარების შესახებ. უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ უცვლელი დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 მაისის განჩინება წარმომადგენლობითი ორგანოს ოპოზიციონერი წევრების ნიკა ვარდოშვილის, ბაადურ რევაზიშვილის და ლევან არჯევანიძის ფრაქციის რეგისტრაციის შესახებ.
„კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით“,- ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილში.
საკასაციო სასამართლო განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ახალი მემარჯვენეების წევრის, ნიკოლოზ ვარდოშვილის განცხადებით, საკრებულომ ოპოზიციური ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო კახეთის გუბერნატორის დავალებით, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე ლობირებდა. ვარდოშვილის თქმით, საკრებულო ვალდებულია, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და ფრაქცია „ძლიერი“ თელავი რეგისტრაციაში გაატაროს.
„როდესაც საკრებულომ ოპოზიციას უარი უთხრა ფრაქციის შექმნაზე, დავალება გუბერნატორისგან, ირაკლი შიოლაშვილისაგან მიიღო და ამას ლობირებდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. მე დღეს საკრებულოს ოთხ წევრთან ერთად განცხადებით მივმართე, 17 მარტს გაიმართლოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა და აღსრულდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. თუ არ იქნება დანიშნული რიგგარეშე სხდომა და საკრებულო შეეცდება, არ აღასრულოს საბოლოს ინსტანციის გადაწყვეტილება, მაშინ გამოდის, რომ წარმომადგენლობითი ორგანო გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან“, – განუცხადა knews.ge-ს ვარდოშვილმა.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მხოლოდ ერთი ფრაქცია “ქართული ოცნება” ფუნქციონირებს.
საკრებულოს დეპუტატები „ახალი მემარჯვენეებიდან“ ნიკოლოზ ვარდოშვილი და “ნაციონალური მოძრაობიდან” ბაადურ რევაზიშვილი და ლევან არჯევანიძე 2014 წლიდან ითხოვენ ოპოზიციური ფრაქციის შექმნას, რომელზეც წარმომადგენლობითმა ორგანომ უარი უთხრა. დეპუტატებმა საკრებულოს გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრეს და საქმე მოიგეს. სასამართლომ გააუქმა საკრებულოს გადაწყვეტილება და წარმომადგენლობით ორგანოს ფრაქცია „ძლიერი თელავის“ რეგისტრაციაში გატარების შესახებ ადმინისტრაციულ სამართლებრივი-აქტის გამოცემა დაავალა. ქალაქ თელავის საკრებულომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს ადმინისრაციულ საქმეთა პალატამ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. საკრებულომ საკასაციო საჩივარით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა.