სტატიები

“საარმიო, ტერიტორიული, სპეციალისტთა რეზერვი-კონცეფცია განსახილველად მზად არის”

თავდაცვის სამინისტრო კვლავ გააგრძელებს ღია დიალოგს საზოგადოებასთან ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ და რამდენიმე დღეში სამსჯავროზე გამოიტანს საბაზისო მოსაზრებებს შეიარაღებული ძალების რეზერვის შესახებ. დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ გამოთქვან თავისი მოსაზრებები, შენიშვნები, წინადადებები შეჯერებული საბოლოო ვარიანტის შესამუშავებლად.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს სამხედრო ექსპერტებიც. ასეთი მიდგომით ქვეყანას უკვე წელს ექნება საშუალება დაიწყოს რეზერვის ჩამოყალიბება, რომელიც მაღალ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ღრმა პროფესიულ კომპეტენციას და საზოგადოების მხარდაჭერას დაეფუძნება.

რეზერვის კონცეფცია“ იქნება პროდუქტი, რომელშიც თანაბრად აისახება სამხედროების ხედვა, როგორი რეზერვი სჭირდება შეიარაღებულ ძალებს და მოქალაქეების მზადყოფნა თუ როგორი ფორმით მიიღებენ ისინი მონაწილეობას  ქვეყნის თავდაცვაში.

რეზერვის კონცეფციის“ ახალი პროექტი სამი ტიპის რეზერვის ცნებას ითვალისწინებს, „საარმიო რეზერვი, „ტერიტორიული რეზერვი და პროფესიული რეზერვი, რომლის მთავარი არსი, მისი დანიშნულება პირველ რიგში შეიარაღებული ძალების რეგულარული საბრძოლო ქვედანაყოფების გაძლიერება და მისი შევსებაა.

სწორედ ამ დანიშნულებით იქნება გამოყენებული „საარმიო რეზერვი. რა იქნება სიახლე? საარმიო რეზერვში“ ჩაირიცხებიან მხოლოდ ის პირები რომლებსაც მოხდილი აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახური ან იმსახურეს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის საფუძველზე. რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ამ ტიპის რეზერვში მყოფ პირებს  ჰქონდეთ საფუძვლიანი სამხედრო მომზადებაც (საბაზისო სამხედრო მომზადება, სპეციალიზაციის კურსები, საველე წვრთნები და ა.შ.) და სამხედრო გამოცდილებაც.

შეიარაღებულ ძალებში იქნება გაშლილი და კადრირებული ქვედანაყოფებიც, აგრეთვე ყველა ქვედანაყოფისთვის იარსებებს საომარი მდგომარეობის შტატები. მაგალითად, ქვეითი ბატალიონი მშვიდობიანობის დროს შეიძლება იყოს სამი საბრძოლო ასეულით, მაგრამ ომის შემთხვევაში გადავიდეს ოთხ საბრძოლო ასეულის მქონე შტატზე. რაც ნიშნავს, რომ მოკლე სამობილიზაციო დროში, ერთი ბატალიონის ძალა და შესაძლებლობა ერთი საბრძოლო ასეულით (140 კაცამდე) გაიზრდება. იგივე პრინციპი იქნება კადრირებულ ქვედანაყოფების მიმართებაში, მშვიდობიანობის დროს ამ ქვედანაყოფებში მხოლოდ სამეთაურო და უზრუნველყოფის რგოლის სამეთაურო მოსამსახურეები იქნებიან, ხოლო ომის შემთხვევაში მიწერილი „საარმიო რეზერვის“ პირადი შემადგენლობის ხარჯზე გაიშლებიან სრული საბრძოლო შესაძლებლობის მქონე საბრძოლო ერთეულებად;

არსებული კონცეფციის თანახმად, „საარმიო რეზერვის“ იმ პირებთან, რომლებიც სამხედრო ქვედანაყოფების ზრდისთვის იქნება გამოყენებული, გაფორმდება ხელშეკრულება და ისინი ვალდებულნი იქნებიან მიწერილ ქვედანაყოფებში კვალიფიკაციის შესანარჩუნებელ სამობილიზაციო შეკრებებზე ყოველწლიურად გამოცხადდნენ. შეკრებების ხანგრძლივობა ჯამში არ აღემატება 45 კალენდარულ დღეს. ამ პირებთან ხელშეკრულება ორმხრივ ვალდებულებებს გაითვალისწინებს, მათ შორის იმას, რომ რეზერვისტი ვალდებული იქნება მუდამ იყოს კომუნიკაციაში სამობილიზაციო სამსახურთან და ჰქონდეს შესაძლებლობა არა უგვიანეს 24 საათისა გამოცხადდეს თავშეყრის ან, მიწერის ადგილზე. სამაგიეროდ, ის მიიღებს გარკვეულ ანაზღაურებას და სხვადასხვა სოცილურ შეღავათებს.

ასეთი მიდგომით ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, ომის შემთხვევაში ორჯერ და მეტჯერ გავზარდოთ შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა ისე, რომ მისი პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ხარისხი იყოს მაღალი, ხოლო ქვედანაყოფების შერწყმის ვადა _ მოკლე.

ტერიტორიული რეზერვის“ შემთხვევაში სიახლეები ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ჩვენ საზოგადოებას განსხვავებულ მიდგომას ვთავაზობთ. პირველ რიგში, ეს არის მხოლოდ ჩარჩო ფორმა იმისთვის, რომ ქვეყნის თავდაცვაში ნებისმიერმა მოქალაქემ მონაწილეობა თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე  მიიღოს.

ტერიტორიული რეზერვი“ არ იქნება ერთგვარი ჯგუფების ერთობლიობა, მასში თავს მოიყრის როგორც სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები, ასევე საბრძოლო და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები თუ რაზმები.

მივყვეთ თანმიმდევრულად _„ტერიტორიული რეზერვი“ ეფუძნება მოხალისეობის პრინციპს (თუმცა თანამშრომლობა ითვალისწინებს ორმხრივ ვალდებულებებს ურთიერთობის მთელ პერიოდში). რეზერვისტი, ვალდებული იქნება წლის განმავლობაში 30-45 დღე მონაწილეობა მიიღოს წვრთნასა და ვარჯიშში. „ტერიტორიული რეზერვის“ გამოყენებისა და ორგანიზაციული მოწყობის პრინციპები გაწერილი იქნება „ეროვნული გვარდიის კონცეფციაში. აქვე დავამატებ, რომ „ტერიტორიული რეზერვის“ მომზადება, ორგანიზება და მართვა მთლიანად „ეროვნული გვარდიის“ ამოცანა იქნება. საარმიო და ტერიტორიული რეზერვი საშუალებას მოგვცემს, მთლიანად მოვიცვათ საბრძოლო, არასაბრძოლო და სამოქალაქო თავდაცვის ამოცანათა სპექტრი. ოპტიმალურად გადავანაწილოთ სამობილიზაციო რესურსი შესაძლებლობებისა და მომზადების ხარისხის მიხედვით, ამასთანავე გავზარდოთ მოქალაქეების ჩართულობა ქვეყნის თავდაცვის საქმეში.

მესამე კომპონენტი იქნება „პროფესიული რეზერვი, მისი არსი იქნება ინდივიდუალური მიდგომა იმ პირების მიმართ, რომლებსაც გააჩნიათ შეიარაღებული ძალებისათვის დეფიციტური ცოდნა და განათლება. ისინი გაწვეული იქნებიან რეზერვში და ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე, დაიკავებენ სხვადასხვა სამხედრო თანამდებობებს. ეს საშუალებას მოგვცემს უარი ვთქვათ „ვარსკვლავიანი შტატების“ მანკიერ პრაქტიკაზე, როდესაც იძულებული ვიყავით  სამხედრო თანამდებობზე სამოქალაქო პირები დაგვენიშნა.

იმედს ვიტოვებთ, რომ საჯარო დისკუსიაშიც და შემდეგ რეზერვის ორგანიზების პრაქტიკულ ღონისძიებებშიც საზოგადოების აქტიურობა და თანამონაწილეობა დიდი იქნება. თუნდაც იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი უწყების ან, მხოლოდ სამხედროების საქმე. ხვალ, ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება მოუწიოს ფორმის ჩაცმა, იარაღის ხელში აღება და ქვეყნის დაცვა. ჩვენ თუ არა ჩვენს შვილებს, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს და ჩვენი ვალდებულებაა მათი ბრძოლა იყოს კარგად ორგანიზებული და მხარდაჭერილი ქვეყნის ყველა მოქალაქის მხრიდან.

თუ კაცობრიობის ისტორიას გადავხედავთ მხოლოდ ის სახელმწიფოები და ერები ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას, რომლებიც ქვეყნის თავდაცვაში სწორად აბალანსებდნენ პროფესიონალიზმსა და საყოველთაობას.

ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, სწორედ ასეთი დაბალანსებული თავდაცვის სისტემა შევქმნათ, რომელშიც პროფესიონალი სამხედროები და რეზერვისტი მოქალაქეები ერთობლიობაში მნიშვნელოვან სამხედრო ძალად ჩამოყალიბდებიან.

 

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: [email protected] ;
ვებგვერდი: mod.gov.ge