პანკისის ხეობის ყოფილ იმამს 14 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მოსამართლე ლილი მსხილაძის გადაწყვეტილებით, ბორჩაშვილთან ერთად დაკევებულ გიორგი ხუტუნიშვილს 11-წლიანი, ხოლო დავით ფირისებიას 10-წლიანი პატიმრობა განესაზღვრათ. რაც შეეხება ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით კიდევ ერთ დაკავებულს გიორგი კუპრავას, მან სასამართლო პროცესის დასრულებამდე ჩვენება შეცვალა და აღიარა ბრალი, რის გამოც პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. კუპრავას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობითი მიესაჯა.
აიუფ ბორჩაშვილს ბრალი წაყენებული ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე პრიმა და 328-ე მუხლებით, ხოლო აღნიშნულ სამ პირს პროკურატურა ადანაშაულებდა 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. 327-ე პრიმა მუხლი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის სხვა პირების გადაბირებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. 328–ე მუხლი კი უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს და საჯელის სახით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2015 წლის 14 ივნისს შსს კონტრტერორისტულმა ცენტრმა სოფელ გომბორის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯოყოლოს ყოფილი იმამი, აიუფ ბორჩაშვილი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჩაშვილი არის სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში. იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად მათ სირიაში აგზავნიდა. შსს- ინფორმაციით, აიუფ ბორჩაშვილმა თავისი თანამზრახველების დახმარებით, სხვადასხვა რელიგიური ლიტერატურის, ინტერნეტ საიტის და სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფების გამოყენებით გადაიბირა პანკისის ხეობაში მცხოვრები, არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი. 2015 წლის 2 აპრილს აღნიშნული პირები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით, ქალაქ სტამბულში გაემგზავრნენ. თურქეთში მათ ბორჩაშვილის თანამზრახველები დახვდნენ და მათი დახმარებით მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გადავიდნენ.
შსს–ს ცნობით, აიუფ ბორჩაშვილმა და მისმა თანამზარხველებმა მოახდინეს იდეოლოგიური ზემოქმედება საქართველოს სხვა მოქალაქეებზე, რომლებიც ვაჰაბიზმის მიმდევრები გახდნენ. გიორგი მღებრიშვილის უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს გიორგი კუპრავა, რომელსაც თურქეთის მიმართულებით ავიაბილეთები ჰქონდა შეძენილი და აიუფ ბორჩაშვილის დახმარებითა და ორგანიზებით სირიაში გადასასვლელად ემზადებოდა. შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს კი გიორგი ხუტუნიშვილი და დავით ირისებია დააპატიმრეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირებიც ბორჩაშვილის ორგანიზებით მიემგზავრებოდნენ თურქეთის მიმართულებით, საიდანაც სირიაში, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად გადავიდოდნენ. პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელზეც აიუფ ბორჩაშვილის დაკავებამდე მისი და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ირაკლი ჩიმაკაძის შეხვედრაა ასახული. ვიდეოჩანაწერში ბორჩაშვილი აცხადებს, რომ ის ხალიფატის წარმომადგენელია საქართველოში და მისი ერთ–ერთი ფუნქცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერებისგან ფიცის მიღებაა. სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის საქმეში ბრალდების მთავარი მოწმე, აიუფ ბორჩაშვილის ნათესავი გიორგი ბორჩაშვილია. ის მოწმის დაცვის სპეციალურ პროგრამაშია ჩასმული.