ახალი ამბები

თელავის საოლქო საარჩევნო კომისიას გიორგი კალმახელიძე უხელმძღვანელებს

ბოლოს ის ქალაქ თელავის საკრებულოს აპარატში საორგანიზაციო განყოფილების წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. გიორგი კალმახელიძეს ინფორმაციით, მისი კანდიდატურა სახელობით კენჭისყრაზე საოლქო კომისიის 5 წევრიდან ორმა წამოაყენა, რომელსაც შემდეგ სხვა წევრებმაც დაუჭირეს მხარი.

,,ვმუშაობდი ქალაქ თელავის საკრებულოს აპარატში საორგანიზაციო განყოფილების წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, შემდეგ ავიღე შვებულება და ევროპაში წავედი სასწავლებლად. სწორედ იქიდან დავრეგისტრირდი ცესკოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მინდობილობა გავაკეთე ერთ-ერთ მოქალაქეზე, რომელმაც ჩემი საბუთები ცესკოში შეიტანა. კონკურსის ვადების შესაბამისად გავიარე რეგისტრაცია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციაა წარდგენილი კანდიდატურებიდან 5 საუკეთესო შეარჩიოს, მისი ავტობიოგრაფიის და გამოცდილების გათვალისწინებით. სწორედ ასე მოხდა ჩემი შერჩევაც. რაც შეხება სამუშაო გამოცდილებას, მაქვს საარჩევნო მოხელის სერთიფიკატი, ვმუშაობდი NIMD-ის პროექტების მიმართულებით როგორც მენეჯერი და ტრენერი, მანამდე ვმუშაობდი ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში კორდინაციისა და მართვის დეპარტამენტში. ასევე, ვიყავი განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროფორიენტაციის ტრენერი და სხვა’’, –  განუცხადა knews.ge-ს გიორგი კალმახელიძემ.

კომისიის წევრებმა თავმჯდომარის მოადგილედ თამარ გრძელიშვილი, მდივნად – მაია სეხნიაშვილი, წევრებად კი ლეილა ყველიაშვილი და თათია კომახიძე შეარჩიეს.

შეგახსენებთ, რომ თელავის #17 საოლქო საარჩევნო კომისიას 2011 წლიდან დავით მკალავიშვილი ხელმძღვანელობდა. ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა 5 წელიწადში ერთხელ იცვლება.