ახალი ამბები

ლაგოდეხის გამგეობა 15 000 ლარად აუდიო-ვიდეო ტექნიკას შეისყიდის

საინფორმაციო სააგენტო knews.ge საკითხის კომენტირებისათვის დაუკავშირდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს კახა ჯამბურიას. მისი განმარტებით, ტექნიკას საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისათვის შეიძენს, რათა ახლადშექმნილმა სტრუქტურულმა ერეთულმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. 
„მუნიციპალიტეტში შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, რომელსაც სჭირდება ტექნიკა, რათა უკეთესად მოახდინოს მოქალაქეების ინფორმირება, თუ რა ხდება ჩვენს რაიონში. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, შევისყიდოთ იაფფასიანი ტექნიკა, სადაც შედის ვიდეო კამერა უსადენი მოკროფონით, აუდიო მიქშერი და სხვა“, – განუცხადა knews.ge-ს კახა ჯამბურიამ. 
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობდან“ ევა ლომთაძე აღნიშნულ ინიციატივას საბიუჯეტო საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვად აფასებს. ლომთაძის განცხადებით, მწირი ფინანსური რესურსიდან გამომდინარე დაუშვებელია 15 000 ლარი აუდიო-ვიდეო ტექნიკის შეძენას მოხმარდეს. 
„ვფიქრობ, რომ არასწორი ქმედებაა იმ ფონზე, როდესაც ლაგოდეხის მუნიციპაიტეტში უამრავი ადამიანი გაათავისუფლეს საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზეზით. ეს არის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა. ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და ახალ ტექნიკას გამოიყენებენ პიარ კამპანიის წარმოების დროს“, – განუცხადა knews.ge-ს ევა ლომთაძემ. 
შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეეობამ 60 000 ლარის ღირებულების ახალი ავტომობილების შეძენაც გადაწყვიტა.