ახალი ამბები

კახეთში მიწისქვეშა მტკნარი წყლების მონიტორინგი განახლდა

სამუშაოების მიზანია ჰიდრომონიტორინგისათვის შერჩეულ წყალპუნქტებზე, ჭაბურღილებზე, წყაროებსა და ჭებზე თანამედროვე ავტომატური გამზომი აპარატურის დამონტაჟება და მათი საშუალებით მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიღება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, მიღებული მონაცემების საფუძველზე დადგინდება მიწისქვეშა მტკნარი წყლების მაჩვენებლების დროში ცვალებადობა, რომელიც ითვალისწინებს ჰიდროგეოლოგიური მოკლე ან გრძელვადიანი პროგნოზების შედგენას. ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჰიდრომონიტორინგული კვლევის საფუძველზე შესაძლებელია ამ წყლების ჰიდროდინამიკური და ჰიდროქიმიური მახასიათებლების დროში ცვალებადობის გამოვლენა, მითუმეტეს, რომ დღეს წყლის ეკოლოგიური სისტემა სხვადასხვა ბუნებრივი თუ ხელოვნური ფაქტორების ზემოქმედებას განიცდის და მუდმივი დეგრადაციის პირობებში იმყოფება. სააგენტო მიღებული მონაცემების საფუძველზე მიწისქვეშა მტკნარი წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ ინფორმაციას მიიღებს. გარემოს ეროვნული სააგენტო მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის გაფართოვების მიზნით სხვადასხვა რეგიონსაც მოიცავს”,- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.