ახალი ამბები

თელავის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს

knews.ge-ს ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელებმა განუცხადეს, რომ ყველა სკოლემდელი დაწესებულება აღსაზრდელების გაცდენების ამსახველ სტატისტიკურ მონაცემებს ყოველდღიურად აგროვებს. 
ქალაქ თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, თეონა მიქელაძის თქმით, ქალაქში არსებულ 9 ბაგა-ბაღში გაცდენების რაოდენობა 20%-ს არ აღემატება და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
,,არცერთ ბაღში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. ყველა სააღმზრდელო დაწესებულება მომზადებული შეხვდა დიდთოვლობას. რაც შეეხება გრიპთან დაკავშირებით გაცდენებს, ყოველდღიურად ვაკეთებთ აღრიცხვას რამდენი ბავშვი არ არის, რამდენი ავადმყოფობის გამო არ მოვიდა და სხვა. წინა თვესთან შედარებით გაცდენების რიცხვი არ არის მომატებული”,- განუცხადა Knews.ge-ს თეონა მიქელაძემ.
სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა თელავის მუნიციპალიტეტის 20 სააღმზრდელო დაწესებულებაში. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ყველა ბაღი შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას.
,,სოფლებში არსებულ არცერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა. დიდთოვლობის გამო ზოგ ბაღში ბავშვების რაოდენობამ იკლო, თუმცა ეს რიცხვი არ არის საგანგაშო”,-განუცხადა knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსპიკერმა ანა ჩაკვეტაძემ.