ახალი ამბები

კახეთის პოლიციის დეპარტამენტს კვლავ გიორგი ბუბუნაური უხელმძღვანელებს

აღნიშნული ინფორმაცია knews.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს. გიორგი მღებრიშვილის უწყების ცნობით, პოლიციის სხვა რეგიონალური დეპარტამენტების დირეტორების მსგავსად ბუბუნაურმაც დატოვა თანამდებობა, თუმცა მისი განცხადება გადადგომის შესახებ მინისტრმა არ დააკმაყოფილა. შსს-ში განმარტავენ, რომ მათი გადადგომა სამხარეო სამმართველოებში მინისტრის მიერ წინასწარ დაანონსებულ რეორგანიზაციას უკავშირდება. 
„პოლიციის რეგიონალურ დეპარტამენტებში რეორგანიზაცია მინისტრმა წინასწარ დააანონსა. რეორგანიზაციის ფარგლებში ზოგიერთი მათგანის, და მათ შორის გიორგი ბუბუნაურის, განცხადება გადადგომის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ზოგიერთი სხვა რეგიონში დაინიშნა“, – განუცხადა knews.ge-ს შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელმა შორენა ჯახუამ. 
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი ბუბუნაურმა, რეორგანიზაციის ფარგლებში, 16 იანვარს თანამდებობა დატოვა. მან გადადგომის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრის მეორე დღეს დაწერა.
34 წლის გიორგი ბუბუნაურიკახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად 2014 წლის 10 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე მას კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს უფროსისა და თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობები ეკავა.